logo
ENG



ზახაროვა კრუიზის წინააღმდეგ აქციაზე: ქვეყნის შიგნით ამ აქციას არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონია

02 აგვ 202321:04
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/02/bbsfvm7urlrycm0.jpg

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მხარს არ უჭერს "რუსეთის წინააღმდეგ შეკვეთილ პროვოკაციებს, რომლებსაც რადიკალური ქართული ოპოზიცია დასავლელი სპონსორების მოთხოვნით აწყობს". ეს მან ბათუმში, რუსების კრუიზის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე საუბრისას თქვა.

ზახაროვა ამტკიცებს, რომ ეს არის მორიგი "შეკვეთილი აქცია", რომელიც ქვეყანაში ხშირია სხვადასხვა თემაზე, როგორც რუსეთის, ასევე ზოგიერთი შიდა მოვლენის კონტექსტში".

"ქვეყნის შიგნით ამ აქციას არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონია. ჩვენ ვიღებთ უამრავ მოწოდებას საქართველოს მოქალაქეებისგან, რომლებიც ამბობენ, რომ მათთვის მიუღებელია ეს უაზრო პროვოკაცია"- თქვა ზახაროვამ.

გარდა ამისა, ზახაროვა ამბობს, რომ აშშ-ის ელჩი საქართველოში "პირდაპირ ასწავლის მოქალაქეებს, როგორ იცხოვრონ".

31 ივლისს, ბათუმში, მოქალაქეები რუსული საკრუიზო გემის შემოსვლამდე შეიკრიბნენ. აქცია გვიან ღამით დაიწყო. ადგილზე იყო ხმაური და დაპირისპირებაც. აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, პოლიციამ ბათუმის პორტთან და ნავსადგომთან მისასვლელი მონაკვეთები გადაკეტა. 

შსს-მ აქციაზე 23 ადამიანი დააკავა.

28 ივლისს ცნობილი გახდა, რომ რუსი ოკუპანტები ბათუმში კიდევ ერთ საკრუიზო მოგზაურობას გეგმავენ, სახელწოდებით ვარსკვლავური კრუიზი - ლაინერი Astoria Grande აჭარას გვიან ღამით დატოვებს.

ლაინერზე ტელეკომპანია RU.TV-ის პროპაგანდისტი წამყვანები და უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდამჭერი მომღერლებიც იქნებიან. ბორტზე იქნებიან: მომღერლები დიმიტრი კოლდუნი, მიტია ფომინი, ამირჩიკი და ტესტოსტერონი, ასევე ივან ჩუიკოვი და დიმიტრი ოლენინი.

ლაინერი 29 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით გაივლის მარშრუტს სოჭი-ტრაბზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბული და ბოლოს ისევ სოჭში დაბრუნდება.

მანამდე ლაინერმა Astoria Grande-მ ერთი მოგზაურობა ბათუმში უკვე მოაწყო. 22 ივლისს ლაინერმა სოჭიდან ახალი მარშრუტით მოგზაურობა დაიწყო. გემი ბათუმის პორტში 27 ივლისს, დილის 5 სააათზე შემოვიდა

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ გემი თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ს ემსახურება და მისი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა.


close დახურვა