logo
ENG



ზახაროვა ჯონსონზე: მორალი - ნუ ეცდებით რუსეთის განადგურებას, ეს შეუძლებელია

07 ივლ 202220:53
3 წუთის საკითხავი
clock 863
2022/07/07/vcv6rais7ktkskb.jpg

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ბორის ჯონსონის გადადგომის შესახებ განცხადებას ეხმაურება და ფაქტს რუსეთთან ომში უკრაინის მხარდაჭერას უკავშირებს.

ზახაროვა ამბობს, რომ ჯონსონს მის მიერვე გაშვებული ბუმერანგი მოხვდა და "ლიბერალური რეჟიმები კრიზისში არიან". 

"ბორის ჯონსონს მის მიერვე გაშვებული ბუმერანგი მოხვდა. მან ხომ ზუსტად ასე მიატოვა ტერეზა მეი [ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი], როცა მეის სკრიპალების საქმეზე ზედმეტი მოუვიდა და ჩაძირვა დაიწყო. ჯონსონი ფსკერისკენ მიმავალი გემიდან გაიქცა და ფსონი საკუთარ კარიერაზე გააკეთა. ამ ჯერად თანაგუნდელებმა მას იგივე გაუკეთეს. და თან როგორ გაუკეთეს. ისტორიის მორალი ასეთია - ნუ ეცდებით რუსეთის განადგურებას. რუსეთის განადგურება შეუძლებელია, მხოლოდ კბილებს მოიმტვრევთ და დაიხრჩობით... ყველა კარგად ხვდება, რომ ლიბერალური რეჟიმები ღრმა პოლიტიკურ, იდეოლოგიურ და ეკონომიკურ კრიზისში არიან", - თქვა ზახაროვამ.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი კონსერვატიული პარტიის ლიდერის თანამდებობიდან გადადგა. ასევე ის პრემიერმინისტრის თანამდებობასაც დატოვებს, თუმცა ეს ოქტომბერში მას შემდეგ მოხდება, როცა მმართველი პარტია ახალ ლიდერს შეარჩევს. 

ამ გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა კენჭისყრა ჯონსონისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ. კონსერვატორი დეპუტატების უმრავლესობამ მას უნდობლობა არ გამოუცხადა. ბორის ჯონსონის წინააღმდეგ ხმა 148 დეპუტატმა მისცა, 211-მა კი მხარი დაუჭირა.

უნდობლობის გამოცხადების საფუძვლად კოვიდ რეგულაციების დარღვევით ჩატარებული წვეულებებს მიიჩნევდნენ, რომლებიც მკაცრი ლოკდაუნის დროს გაიმართა დაუნინგ სტრიტის ბაღში.

რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია კორონავირუსის პანდემიისას დაუნინგის ქუჩაზე გამართული საზოგადოებრივი შეკრებების შესახებ, რაც დიდ ბრიტანეთში იმ პერიოდში არსებულ ლოქდაუნის წესებს არღვევდა. ფაქტების გასაჯაროების შემდეგ, ბრიტანეთის ზოგიერთი პარლამენტარი, მათ შორის მისივე პარტიის წევრები, ჯონსონის გადადგომას ითხოვდნენ.

ბრიტანეთის ხელისუფლების უახლესი კრიზისი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც გასულ კვირაში გაჩნდა ბრალდებები კონსერვატიული პარტიის წევრისა და საპარლამენტო მდივნის მოადგილის, კრის პინჩერის მიმართ, რომ მან 2 კაცი სექსუალურად შეავიწროვა.

აღნიშნული სკანდალის გამო პინჩერმა 30 ივნისს თანამდებობა დატოვა და განცხადებაში აღნიშნა, რომ "ის ზედმეტად მთვრალი იყო, თავი შეირცხვინა და სხვა ადამიანებიც შეარცხვინა". 

ფაქტის შემდეგ ჯონსონს მოუწია თავისსავე პარტიის წევრების კითხვებზე პასუხი გაეცა: იცოდა თუ არა პინჩერის მიმართ ბრალდებებზე და როგორ მოიქცა, როცა გაიგო. 

სამშაბათს, 5 ივლისს ჯონსონმა ბოდიში მოიხადა, რომ პინჩერი დანიშნა სახელისუფლებო როლზე და აღიარა, რომ მან პინჩერის მიმართ სექსუალური შევწროების ბრალდებების შესახებ 2019 წელსაც, მის დანიშვნამდეც იცოდა. ჯონსონის თქმით მას ეს ფაქტი "დაავიწყდა" და პინჩერის დანიშვნით მან "ცუდი შეცდომა დაუშვა".

5 ივლისს, პინჩერის სექსუალური სკანდალის გამო დიდი ბრიტანეთის ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრებმა თანამდებობები დატოვეს.

Reuters-ის ცნობით, ჯონსონის გადადგომის შემთხვევაში მისი პოზიციაზე  რამდენიმე ადამიანი განიხილება, მათ შორის არიან:

  • ლიზ ტრასი
  • ჯერემი ჰანტი
  • ბენ უოლასი
  • რიში სუნაკი 
  • ნადიმ ზაჰავი
  • პენი მორდონტი

close დახურვა