უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 1 ოქტომბრიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში 500 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს.
"მხოლოდ 1 ოქტომბრიდან და მხოლოდ ხერსონის რეგიონში, ნახევარ ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია და ათეულობით დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა და დასტაბილურდა.
აუცილებლად დადგება დღე, როდესაც ჩვენ ზაპოროჟიეს რეგიონში წარმატებების შესახებ მოვყვებით. ასევე იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც ჯერ კიდევ ოკუპანტები აკონტროლებენ. დადგება დღე, როცა ჩვენ ყირიმის გათავისუფლებაზე ვისაუბრებთ და ეს პერსპექტივა აშკარაა.
ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი: როგორც უკრაინელებისთვის, ასევე ჩვენი პარტნიორებისთვის - ყველასთვის, ვინც აფასებს თავისუფლებას და საერთაშორისო კანონს," - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
გუშინ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ხერსონის რეგიონში რუსი ოკუპანტებისგან კიდევ რამდენიმე სოფელი გაათავისუფლეს. მისი თქმით, უკრაინის არმიამ დაიბრუნა ნოვოვოსკრენსენსკეს, ნოვოჰრიჰორივკასა და პეტროპავლივკას დასახლებები. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ უკრაინული ჯარები წინ ხერსონის სოფლების გავლით მიიწევენ.
პუტინმა და მარიონეტმა ლიდერებმა უკრაინის 4 რეგიონის: ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუჰანსკის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ხელი 30 სექტემბერს მოაწერეს.
27 სექტემბერს, უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ოთხ ტერიტორიაზე, დონეცკში, ლუჰანსკში, ხერსონსა და ზაპორიჟიეში ე.წ. რეფერენდუმები დასრულდა. უკრაინა და დასავლეთი არალეგიტიმურ რეფერენდუმს არ აღიარებს.