logo
ENG



ზელენსკი: აბსურდულია, რომ დროის ჩარჩო არ არის განსაზღვრული უკრაინის NATO-ში მიწვევისთვის

11 ივლ 202315:08
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/11/hx7sn9e9zwt1bce.jpg

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე უკმაყოფილებას გამოთქვამს სიგნალების გამო, რომელთა მიხედვით, მისი თქმით, NATO-ს სამიტზე უკრაინის შესახებ ტექსტი უკრაინის მონაწილეობის გარეშე განიხილება. 

ზელენსკის თქმით, უპრეცედენტო და აბსურდულია, რომ დროის ჩარჩო არ არის განსაზღვრული უკრაინის NATO-ში მიწვევისა და წევრობისთვის. მისივე თქმით, ვილნიუსის სამიტზე ღიად ისაუბრებს იმის თაობაზე, რომ გაურკვევლობა სისუსტეა, რომელიც რუსეთს ეხმარება:

"ჩვენ ვაფასებთ ჩვენს მოკავშირეებს. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს საერთო უსაფრთხოებას და ჩვენ ყოველთვის ვაფასებთ ღია საუბრებს. უკრაინა წარმოდგენილი იქნება ნატოს სამიტზე ვილნიუსში, რადგან საქმე პატივისცემას ეხება. მაგრამ პატივისცემას უკრაინაც იმსახურებს

ახლა, როდესაც ვილნიუსისკენ მივემართებით, ვიღებთ სიგნალებს, რომ კონკრეტული ტექსტი განიხილება უკრაინის მონაწილეობის გარეშე

უპრეცედენტო და აბსურდულია, რომ დროის ჩარჩო არ არის განსაზღვრული არც უკრაინის NATO-ში მიწვევისთვის და არც ნატოს წევრობისთვის. ამავე დროს, უკრაინის NATO-ში მიწვევისთვისაც კი რაღაც ბუნდოვანი პირობებია გათვალისწინებული. როგორც ჩანს, არ არსებობს მზადყოფნა არც უკრაინის ნატოში მიწვევისთვის და არც მისი ნატოს წევრად ქცევისთვის

ეს ნიშნავს, რომ შესაძლებლობის ფანჯარა გამოიყენება იმისთვის, რომ უკრაინის ნატოში წევრობა გამოყენებულ იქნას რუსეთთან ვაჭრობისთვის. რუსეთისთვის კი ეს ნიშნავს მოტივაციას, რომ გააგრძელოს ტერორი. გაურკვევლობა სისუსტეა. მე ამის შესახებ ღიად ვისაუბრებ სამიტზე", - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.

NATO-ს სამიტი ვილნიუსში, 11-12 ივლისს იმართება. მანამდე, სამიტამდე ერთი დღით ადრე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ Twitter-ზე დაწერა, რომ ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, NATO-ს მოკავშირეებმა უკრაინის ალიანსში წევრობის გზიდან MAP-ის ამოღებაზე კონსენსუსს მიაღწიეს.


close დახურვა