უკრაინას, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის აბუ-დაბიში გამართული სამმხრივი მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო და შესაძლოა მომავალ კვირას გაგრძელდეს, განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინული დელეგაციისგან ანგარიში მიიღო. მისი თქმით, ორდღიანი სამმხრივი შეხვედრები მსგავს ფორმატში ბოლო პერიოდის განმავლობაში პირველია.
„ბევრი რამ იქნა განხილული და მნიშვნელოვანია, რომ საუბარი კონსტრუქციულად წარიმართა", - წერს იგი.
ზელენსკის თქმით, დისკუსიების მთავარი ფოკუსი იყო რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესაძლო პარამეტრები.
„მე მაღალ შეფასებას ვაძლევ იმის გააზრებას, რომ აუცილებელია ამერიკული მონიტორინგი და ზედამხედველობა ომის დასრულების პროცესსა და ნამდვილი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. ამერიკულმა მხარემ დასვა საკითხი ომის დასრულების პარამეტრების ფორმალიზების პოტენციურ ფორმატებზე, ისევე როგორც უსაფრთხოების იმ პირობებზე, რომლებიც ამის მისაღწევადაა საჭირო", - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ მხარეები შეთანხმდნენ, მოლაპარაკებების თითოეულ ასპექტზე მოხსენება გააკეთონ თავიანთ დედაქალაქებში და შემდეგი ნაბიჯები ლიდერებთან შეათანხმონ.
„სამხედრო წარმომადგენლებმა განსაზღვრეს საკითხთა ნუსხა პოტენციური შემდეგი შეხვედრისთვის. წინსვლისთვის მზაობის არსებობის შემთხვევაში – და უკრაინა მზადაა – შემდგომი შეხვედრები გაიმართება, შესაძლოა, მომავალ კვირასვე. ველოდები პირად ბრიფინგს დელეგაციისგან მისი დაბრუნებისთანავე.“
