უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ახლა ქვეყანაში არჩევნების დრო არაა. ყოველდღიურ მიმართვაში ზელენსკიმ "უპასუხისმგებლო" უწოდა საკითხის განხილვას.
"ყველას გვესმის, რომ ახლა საომარი დროა, როდესაც უამრავი გამოწვევა არსებობს, და აბსოლუტურად უპასუხისმგებლობაა საზოგადოებაში არჩევნების თემატიკის შეგდება", - თქვა ზელენსკიმ.
2024 წლის შესაძლო საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების თემა აქტიურად განიხილება უკრაინულ და დასავლურ პრესაში.
უკრაინის პრეზიდენტის უფლებამოსილება მომავალ წელს იწურება, არჩევნების ჩატარება კი მარტში იგეგმებოდა. აგვისტოს ბოლო ზელენსკიმ განაცხადა, რომ კვლავ იყრიდა კენჭს, თუ არჩევნები მომდევნო წელს ომის პირობებში გაიმართებოდა. რაცდ შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, ის მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა საომარი მდგომარეობის გამო არ გააუქმეს.
5 ნოემბერს უმაღლესი რადას დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ განაცხადა, რომ ზელენსკიმ საკონსტიტუციო პერიოდში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მომზადების ინსტრუქცია გასცა.
"ჩემი ინფორმაციით, ვლადიმირ ზელენსკიმ მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება გადაწყვიტა. მან დაავალა პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოემზადოს არჩევნებისთვის, რომელიც დაგეგმილია 2024 წლის 31 მარტს", - განაცხადა გონჩარენკომ.
საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ აღნიშნა, რომ პრეზიდენტი 2024 წლის გაზაფხულზე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების დადებით და უარყოფით მხარეებზე მსჯელობს. მისივე განმარტებით, არჩევნების გამართვა რუსეთთან ომის დროს "უპრეცედენტო" გამოწვევებს უკავშირდება.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა საარჩევნო კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა და ზელენსკის "დიქტატორი" უწოდა.
"საპრეზიდენტო არჩევნების ნებისმიერი გადადება უკრაინულ საზოგადოებაში ძალაუფლების უზურპაციად ჩაითვლება - ან მის რაღაც ნაწილში", - განაცხადა მან Meduza-სთან ინტერვიუში.