უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსმა საოკუპაციო ძალებმა 21-22 მარტის ღამეს უკრაინას 60-ზე მეტი "შაჰედის" კამიკაძე დრონითა და თითქმის 90-მდე რაკეტით შეუტია.
"გასულ ღამეს ოკუპანტებმა 60-ზე მეტი დრონითა და თითქმის 90 რაკეტით შეუტიეს. მსოფლიო ნათლად ხედავს, რა არის რუსი ტერორისტების სამიზნე: ელექტროსადგურები და ენერგომომარაგების ხაზები, ჰიდროელექტრო კაშხლები, ჩვეულებრივი საცხოვრებელი შენობები, თუნდაც ტროლეიბუსი. რუსეთი ებრძვის უბრალო ადამიანების სიცოცხლეს. ვუსამძიმრებ ამ ტერორის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და მეგობრებს", - ამბობს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ შესაბამისმა სამსახურებმა უკვე დაიწყეს მუშაობა თავდასხმის შედეგად დაზარალებულ ადგილებზე.
ზელენსკიმ საერთაშორისო პარტნიორებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ დასავლური დახმარებისგან განსხვავებით, რუსული რაკეტები ყოველგვარი დაგვიანების გარეშე მოქმედებენ.
"შაჰედის" დრონები არ არინა ისეთი ჩამოუყალიბებლები, როგორც ზოგიერთი პოლიტიკოსი. მნიშვნელოვანია გვესმოდეს ფასი დაგვიანებული და გადადებული გადაწყვეტილებებისა. "პატრიოტის" საჰაერო თავდაცვის სისტემებმა უნდა დაიცვას ხარკოვი და ზაპორიჟიე, ჩვენ გვჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები ხალხის, ინფრასტრუქტურის, სახლების დასაცავად. ჩვენმა პარტნიორებმა ზუსტად იციან რა არის საჭირო. მათ ნამდვილად შეუძლიათ მხარი დაგვიჭირონ. ჩვენ გვჭირდება ეს გადაწყვეტილებები. ადამიანების სიცოცხლე უნდა დავიცვათ მოსკოველი ურჩხულებისგან", - თქვა მან.