logo
ENG



ზელენსკი: დროს, რომელსაც თავისუფალი სამყარო ფიქრს უთმობს, ტერორისტი მკვლელობისთვის იყენებს

18 იან 202322:37
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/18/8ru5ycumit0pwne.jpg

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიო ქვეყნებს მოუწოდა, სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილებები რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად, რომელსაც ის უკრაინაში იყენებს. ამის შესახებ მან მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას თქვა.

"ტირანია უსწრებს დემოკრატიას. რუსეთს ომის დასაწყებად ერთ წამზე ნაკლები სჭირდებოდა... დროს, რომელსაც თავისუფალი სამყარო ფიქრს უთმობს, ტერორისტული სახელმწიფო მკვლელობისთვის იყენებს. თითქმის ერთი წელია უკრაინა და მისი მოკავშირეები რუსეთს წინააღმდეგობას უწევენ, ამ პერიოდმა დაამტკიცა, რომ ჩვენმა სწრაფმა ქმედებებმა დადებითი შედეგი მოიტანა", - თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, "მსოფლიო ყოყმანობდა", როდესაც რუსეთმა 2014 წელს, ყირიმი აიღო და 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში შეიჭრა.

"მსოფლიომ არ უნდა იყოყმანოს არც დღეს და არც არასდროს. მსოფლიომ უფრო სწრაფად უნდა იმოქმედოს, ვიდრე რუსეთი თავის ახალ ნაბიჯებს გადადგამს. უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებამ უნდა გადააჭარბოს რუსეთის მომდევნო სარაკეტო თავდასხმების რიცხვს. უკრაინაში უსაფრთხოებისა და მშვიდობის აღდგენა უნდა მოხდეს იმაზე სწრაფად, ვიდრე რუსეთის თავდასხმა უსაფრთხოებასა ან მშვიდობაზე სხვა ქვეყნებში", - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით ბოლოს 3 წლის წინ გამოვიდა, როდესაც მსოფლიო კორონავირუსს ებრძოდა.

"თუ ისტორია მეორდება, თავიდან სამყარო ან ვერ ამჩნევს, ან ვერ აფასებს საფრთხეს, შემდეგ კი ერთიანდება, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს, შემდეგ კი ყოველ ჯერზე, მსოფლიო იმარჯვებს", - თქვა ზელენსკიმ.


close დახურვა