logo
ENG



ზელენსკი: დღეს ვაშინგტონში ვარ, რათა მადლობა ვუთხრა ამერიკელ ხალხს, პრეზიდენტს, კონგრესს

21 დეკ 202222:17
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/21/6eowg777298yfe3.jpg

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონიდან ფოტოებს აქვეყნებს და აცხადებს, რომ აშშ-ში მხარდაჭერისთვის მადლობის სათქმელად იმყოფება.

"დღეს ვაშინგტონში ვარ, რათა მადლობა ვუთხრა ამერიკელ ხალხს, პრეზიდენტსა და კონგრესს მათი ძალიან საჭირო მხარდაჭერისთვის. გავმართავ მოლაპარაკებების სერიას უკრაინის გამძლეობისა და თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად. კერძოდ, ჩვენ განვიხილავთ უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების ორმხრივ თანამშრომლობას აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან. მომავალ წელს ჩვენ უნდა დავუბრუნოთ უკრაინის დროშა და თავისუფლება ჩვენს მიწას, მთელ ჩვენს ხალხს", - წერს ზელენსკი.

24 თებერვლის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევა, როცა ზელენსკიმ უკრაინა დატოვა და უცხო ქვეყანაში გაემგზავრა.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ზელენსკი სიტყვით გამოვა კონგრესში და თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს პირისპირ შეხვდება. როგორც ცნობილია, ისინი განიხილავენ უკრაინის მდგრადობასა და თავდაცვის შესაძლებლობებს, ამასთან, უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის გამოცხადებას, რომელიც Patriot-ის სარაკეტო სისტემებს მოიცავს. 

აშშ-ის ახალი დახმარების პაკეტი 1,8 მილიარდი დოლარის ღირებულებისაა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები. მოკავშირეების მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარების ფარგლებში, ეს ყველაზე ძლიერი და მოწინავე რაკეტსაწინააღმდეგო იარაღი იქნება.

ასეთი დანადგარები შეიძლება დაიტვირთოს სხვადასხვა მოდიფიკაციის რაკეტებით, მათ შორის ისეთებით, რომლებსაც შეუძლიათ 80 კმ-მდე დაშორებით და 20 კმ სიმაღლეზე ობიექტებზე დარტყმა.

კომპლექსის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა არა მხოლოდ თვითმფრინავების და საკრუიზო რაკეტების, არამედ ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდების შესაძლებლობა. სწორედ ამ ტიპის რაკეტები უქმნის უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებს ყველაზე მეტ პრობლემას: მათი ჩაჭრა ძალიან რთულია. 

აშშ-ში ვიზიტამდე ზელენსკი უკრაინის ყველაზე ცხელ წერტილში, ბახმუტის ფრონტის ხაზზე მოულოდნელად ჩავიდა, სადაც მებრძოლებს შეხვდა და დააჯილდოვა


close დახურვა