logo
ENG



ზელენსკი: თებერვლის დასაწყისიდან რუსეთმა 15 სამხედრო თვითმფრინავი დაკარგა

04 მარ 202411:32
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/04/m3a7c17k6vh0lu5.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, თებერვლის დასაწყისიდან რუსეთმა 15 სამხედრო თვითმფრინავი დაკარგა. ამის შესახებ მან ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა.

"მხოლოდ ამ კვირაში შვიდი რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდება მოვახერხეთ, თებერვლის დასაწყისიდან კი რუსეთმა 15 მათგანი დაკარგა. ეს არის მათი დანაკარგების დინამიკა. რაც უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების, მით მეტი უკრაინელის სიცოცხლე გადარჩება.

ეს ომი უიმედო უნდა გახდეს რუსეთისთვის, ტერორისტებისთვის და მათ მაქსიმალურად უნდა იგრძნონ, რომ არსებობს ძალა, რომელიც ანადგურებს მათ. ჩვენ შეგვიძლია ამის უზრუნველყოფა. თითოეულმა პარტნიორმა იცის, რა არის ამისთვის საჭირო", - ამბობს ზელენსკი.

ამასთან, გუშინ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პარტნიორების მხრიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეფერხება დიდ დანაკარგებს იწვევს. მისი თქმით, რუსული ძალების მხრიდან უკრაინის ქალაქებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - სიცოცხლის განადგურება და ხალხის დაშინება.  


close დახურვა