logo
ENG



ზელენსკი: მარიუპოლიდან კიდევ 344 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

05 მაი 202208:49
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მარიუპოლიდან და მისი შემოგარენიდან კიდევ 344 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

"მადლობას ვუხდი ყველას, ვინც წარმატებით ახორციელებს ევაკუაციის პროცესს", - განაცხადა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა ოკუპანტებს მოუწოდა ცეცხლის შეწყვეტისკენ, მარიუპოლში დარჩენილი ადამიანების ევაკუაციისთვის.

"ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და ვიმედოვნებთ, რომ გავაგრძელებთ ხალხის გადარჩენას აზოვსტალიდან, მარიუპოლიდან. ჯერ კიდევ არიან იქ მშვიდობიანი მოქალაქეები, ქალები, ბავშვები. ჩვენ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა მათ გადასარჩენად", - თქვა ზელენსკიმ.

3 მაისს ქარხანა აზოვსტალიდან, რომელიც ერთადერთი ადგილია მარიუპოლში, რომელსაც ჯერაც აკონტროლებს უკრაინა, 112 ადამიანი გაიყვანეს. მას შემდეგ აზოვსტალიდან ევაკუაცია არ მომხდარა. 

ამასთან, უკვე 2 დღეა, ქარხანაში რუსები შევიდნენ.  აზოვის პოლკის მეთაურმა, დენის პროკოპენკომ, რომელიც აზოვსტალის ქარხანაში იმყოფება, თქვა, რომ ქარხნის გვირაბებში შიგნით მძიმე, სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობს. 

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა, 1-ლი მარტიდან კი ქალაქი მარიუპოლი ალყაშია მოქცეული. უკრაინული მხარე მხოლოდ აზოვსტალის ქარხანას აკონტროლებს. აქ რუსების წინააღმდეგ აზოვის ბატალიონი და 36-ე საზღვაო ქვეითი არმია იბრძვის. ქარხანა რუსებმა გაანადგურეს, თუმცა, მარიუპოლის მცველები 11 კილომეტრზე გაშლილ ბუნკერებს და გვირაბებს აფარებენ თავს. გვირაბებში არიან მშვიდობიანი მოქალაქეებიც, ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, ქარხნის ტერიტორიაზეა 500 დაჭრილი სამხედრო. 


close დახურვა