უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მტერმა უკრაინის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმის მეორე ტალღა დაიწყო.
მისი თქმით, დღეს, 11 ოქტომბერს დილით რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით 28 სარაკეტო იერიში განახორციელეს, მათგან 20 რაკეტა უკრაინამ ჩამოაგდო.
"15-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი, მათგან თითქმის ყველა ირანულია, უმეტესობა ჩამოგდებულია. აღდგენითი სამუშაოები ძალიან სწრაფად და ეფექტურად მიმდინარეობს. რომ არა დღევანდელი იერიშები, აღდგენილი იქნებოდა ელექტრომომარაგება, წყალმომარაგება და კომუნიკაციები, რომლებიც გუშინ ტერორისტებმა დააზიანეს. სადაც იყო ნგრევა, ინფრასტრუქტურა განახლდება ყველგან. სადაც მტრის იმედი იყო, ყველგან რუსეთის სახელმწიფოებრიობის ნანგრევები იქნება", - თქვა ზელენსკიმ.
დღეს, 11 ოქტომბრის დილით უკრაინის მასშტაბით საჰაერო თავდასხმის განგაში 5 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ისმოდა. აფეთქებები მოხდა ზაპოროჟიეს, ოდესის, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცას, რივნეს, კიროვოგრადის და ლვივის რეგიონებში.
უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიჰალმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დღის განმავლობაში ენერგო ინფრასტურის ობიექტებზე 33 თავდასხმა განახორციელა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სარდლობაში განაცხადეს, რომ დღის განმავლობაში, უკრაინის ცაზე, სულ მცირე, 18 რუსული რაკეტა გაანადგურეს.
***
უკრაინის წარმატებული კონტრშეტევების, ანექსირებული ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი ხიდის აფეთქების შემდეგ, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის დედაქალაქზე იერიში გუშინ, 10 ოქტომბერს დილით მიიტანეს. კიევის გარდა, უკრაინის სხვა ქალაქებში დილიდან აფეთქებების ხმა ისმოდა.
სარაკეტო იერიშები განხორციელდა ქალაქ ლვივზე, ჟიტომირზე, ხმელნიცკზე, დნეპროზე, ვინიცაზე, ტერნოპოლზე, სლავიანსა და ხარკივზე. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ.
ბოლო ინფორმაციით, უკრაინის ქალაქებზე განხორციელებული მასიური სარაკეტო თავდასხმების შედეგად დაღუპულია 19 ადამიანი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 75 რაკეტა გაისროლა. მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ (AD) გაანეიტრალა.