უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ევგენი პრიგოჟინი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოკლა.
"პუტინი ჩაიფუშა, როგორც ადამიანი, როგორც პოლიტიკოსი. მან პრიგოჟინი მოკლა - ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასეთი ინფორმაცია გვაქვს", - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.
ზელენსკის თქმით, პრიგოჟინის სიკვდილი უკრაინისთვის "ერთი ტერორისტით ნაკლებს" ნიშნავს. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ რუსების მორალური მხარე დაცემულია, რადგან ისინი ვაგნერელებს იყვნენ "ამოფარებული".
"[რუსები] ვაგნერელებს იყვნენ ამოფარებული, რომლებსაც ფრონტის წინა ხაზზე უშვებდნენ, უკან დასაბრუნებელ გზას კი არ უტოვებდნენ. ვფიქრობ, თავდაცვა, რომელიც ამოფარებული იყო დაქირავებული ვაგნერელების სიცოცხლეს - მათ დაკარგეს. ეს კი ჩვენთვის ნამდვილად პლუსია", - აღნიშნა მან.
23 აგვისტოს, ტვერის ოლქში თვითმფრინავი ჩამოვარდა, მგზავრების სიაში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინიც იყო. საერთაშორისო მედიების ცნობით, თვითმფრინავი პრიგოჟინს ეკუთვნოდა. BBC-ის ინფორმაციით, თვითმფრინავში 10 ადამიანი იმყოფებოდა და ყველა მათგანი დაიღუპა.