უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებებს მხოლოდ საკუთარ თავთან აწარმოებს.
"შეცდომა დიპლომატიაში არ არის, შეცდომა არის დიპლომატია პუტინთან. ის მოლაპარაკებებს მხოლოდ საკუთარ თავთან აწარმოებს. ომი მანამ გაგრძელდება, სანამ რუსეთის ფედერაცია ჩვენს მიწაზეა", - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, ჯერ არ არსებობს მინიშნებები, რომ პუტინს სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება სურს. მისი აზრით, კრემლის მიზანი უკრაინის რუკიდან გაქრობა, მისი დამოუკიდებლობის დასრულება და რუსეთის შემადგენლობაში შეყვანა იყო, რაც რუსეთის პრეზიდენტს არ გამოუვიდა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.