logo
ENG



ზელენსკი: რუსეთმა უკრაინისთვის ბრძოლა არამხოლოდ წააგო, მან დაკარგა საკუთარი მომავალი

30 მაი 202208:13
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთმა უკრაინისთვის ბრძოლა არამხოლოდ წააგო, არამედ დაკარგა საკუთარი მომავალი და კავშირი თავისუფალ სამყაროსთან. ეს განცხადება ზელენსკიმ ხარკივში ვიზიტისას გააკეთა.

"ხარკივმა ოკუპანტებისგან საშინელი დარტყმა განიცადა. შავი, დამწვარი, ნახევრად დანგრეული საცხოვრებელი კორპუსები... რუსეთმა უკვე წააგო ბრძოლა არამარტო ხარკივისთვის, კიევისთვის, ჩვენი ქვეყნის ჩრდილოეთისთვის, არამედ მან დაკარგა საკუთარი მომავალი და ყოველგვარი კულტურული კავშირი თავისუფალ სამყაროსთან", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ შეაქო ხარკივის ხელისუფლება, თუმცა თანამდებობიდან გაათავისუფლა ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, რომელიც მისი თქმით, "არ მუშაობდა ქალაქის დასაცავად სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველივე დღეებიდან და მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდა".

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ხარკივის ოლქის მესამედი კვლავ ოკუპანტების ხელშია, თუმცა უკრაინა აუცილებლად მოახდენს მთელი ტერიტორიის დეოკუპაციას.

რაც შეეხება დონბასში ბრძოლებს, პრეზიდენტის თქმით, სევეროდონეცკში საცხოვრებელი სახლების 90% დაზიანებულია.

"სევეროდონეცკის აღება საოკუპაციო კონტინგენტისთვის ფუნდამენტური ამოცანაა. მათ არ აინტერესებთ, რამდენი ადამიანის სიცოცხლის ფასად მოხდება რუსეთის დროშის აღმართვის მცდელობა", - თქვა ზელენსკიმ. 


close დახურვა