უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონალდ ტრამპი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ვლადიმერ პუტინს მხარს არ დაუჭერს.
"თუ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არჩევნებში გაიმარჯვებს, ის რუსეთის დიქტატორ ვლადიმერ პუტინს მხარს არ დაუჭერს", - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
ზელენსკის თქმით, შეერთებული შტატების ამჟამინდელი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ის ელის, რომ ბაიდენი კიევის მხარდაჭერას გააგრძელებს.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის ნოემბერშია დაგეგმილი. 2022 წლის 16 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს.
ოთხწლიანი საპრეზიდენტო ვადის შემდეგ დონალდ ტრამპმა 2020 წელს დემოკრატ კონკურენტთან, ჯო ბაიდენთან დამარცხდა. დიდი ხნის განმავლობაში ის უარყოფდა დამარცხებას და არჩევნების გაყალბებაზეც საუბრობდა.
6 იანვარს, როდესაც კონგრესში არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინათ, ტრამპმა კაპიტოლიუმის სიახლოვეს მიტინგი გამართა, რის შემდეგაც მისი მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, დაარბიეს შენობა, რის გამოც საჭირო გახდა ევაკუაცია და სხდომის შეწყვეტა. შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი. ამის გამო დემოკრატიულმა პარტიამ წარმომადგენელთა პალატაში ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო და მას ამბოხის წაქეზებაში დასდო ბრალი. ყოფილ პრეზიდენტს განუდგნენ რესპუბლიკელი თანაპარტიელებიც, რომლებიც მის ბრალეულობას ხედავდნენ. თუმცაღა ტრამპი ამ დრომდე უარყოფს რაიმე კავშირს კაპიტოლიუმზე თავდასხმაში.