logo
ENG



ზელენსკი: უკრაინა ძალიან მომთმენია, არ ვპასუხობთ პროვოკაციებს და თავი ღირსეულად გვიჭირავს

08 თებ 202218:32
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკი: უკრაინა ძალიან მომთმენია, არ ვპასუხობთ პროვოკაციებს და თავი ღირსეულად გვიჭირავს

საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინის ნათქვამს გამოეხმაურა - რუსეთის პრეზიდენტმა ზელენსკის ამ სიტყვებით მიმართა: "მოგწონს, არ მოგწონს - მოითმინე, ჩემო ლამაზო". 

ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა ძალიან მომთმენია და თავი ღირსეულად უჭირავს. 

"ამ გამოთქმაში არის რაღაცები, რაზეც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან ვერ იდავებ. უკრაინა ნამდვილად ლამაზია. რაც შეეხება სიტყვას "ჩემო" - მგონი, ეს ცოტათი გადაჭარბებულია. რაც შეეხება "მოთმენას" - ძალიან ვაფასებ, რომ უკრაინა ძალიან მომთმენია, იმიტომ ეს ბრძნულია და მნიშვნელოვანია არა მარტო უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია რუსებისთვისაც. იმიტომ, რომ ჩვენს მოთმენაზეა დამოკიდებული ესკალაცია, ესკალაცია მეორე მხრიდან. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ჩვენს ტერიტორიაზე ვართ. ჩვენი მოთმენა აისახება იმაზე, რომ არ ვპასუხობთ პროვოკაციებს და თავი ძალიან ღირსეულად გვიჭირავს". - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

პუტინმა მაკრონთან შეხვედრის შემდეგ, 7 თებერვალს თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტს მინსკის პროტოკოლის არც ერთი პუნქტი არ მოსწონს და სწორედ ამ კონტექსტში გამოიყენა რუსული საშაირო გამონათქვამიც. 

მინსკის პროტოკოლი 2014 წლის სექტემბერში გაფორმდა, 2015 წლის თებერვალში კი განახლდა უკრაინას, გერმანიას, საფრანგეთს, რუსეთსა და უკრაინის ოკუპირებულ სეპარატისტულ ტერიტორიებს შორის.

პროტოკოლის მიხედვით კონფლიქტის მხარეებს შორის რუხი ზონა შეიქმნა და განისაზღვრა, იარაღის რა ტიპების განლაგებაა შესაძლებელი ამ ზონის მახლობლად. პროტოკოლი რუსეთმა მრავალჯერ დაარღვია. 


close დახურვა