უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ დროისთვის უკრაინის 918 დასახლებული პუნქტი რუსული ჯარისგან თავისუფალია. ამის შესახებ ზელენსკიმ დღეს, ომის 51-ე დღის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
„გრძელდება ჩვეულებრივი ცხოვრების აღდგენა იმ ადგილებსა და დასახლებებში, საიდანაც რუსები გავდევნეთ. გასაკეთებელი საქმე ნამდვილად უდიდესია. სხვადასხვა ზომის, თუმცა ჩვენთვის, უკრაინისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანი 918 დასახლება უკვე დეოკუპირებულია“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, ამ დასახლებებში განაღმვითი ოპერაციები მიმდინარეობს. ასევე მუშაობენ ელექტროენერგიის, წყლისა და გაზის მიწოდების აღდგენაზე, ისევე როგორც პოლიციის, პოსტის, ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობის განახლებაზე.
ზელენსკის თქმით, ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში სიტუაცია კვლავ მძიმეა და აღდგენაზე საუბარი, ჯერჯერობით, შეუძლებელია.
„ჩვენი ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ სიტუაცია ჯერ კიდევ ძალიან რთულია, შორსაა აღდგენაზე საუბარი.
ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოკუპირებულ დასახლებებში რუსული სამხედროები აგრძელებენ ქვეყნის სამოქალაქო მოსახლეობის ტერორს. ისინი ეძებენ ყველას, ვინც უკრაინის ჯართან ან ხელისუფლების ორგანოებთანაა კავშირში“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
