logo
ENG



ზელენსკი: შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელება რუსეთის გარეშეც შესაძლებელია

18 ივლ 202310:39
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/18/apxkydvmbxj1od1.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელება რუსეთის გარეშეც შესაძლებელია.

"უკრაინული სურსათი უსაფრთხოების ძირითადი წყაროა თითქმის 400 მილიონი ადამიანისთვის. თუ სადღაც კრემლში ადამიანების ჯგუფს ჰგონია, რომ აქვთ უფლება გადაწყვიტონ, იქნება თუ არა მაგიდაზე საკვები სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ეგვიპტეში თუ სუდანში, იემენში ან ბანგლადეშში, ჩინეთში ან ინდოეთში, თურქეთში თუ ინდონეზიაში, მაშინ მსოფლიოს აქვს შესაძლებლობა, აჩვენოს, რომ შანტაჟის უფლებას არავის მისცემს. ყველას აქვს სტაბილურობის უფლება. ამიტომ, ჩვენ ყველამ უნდა ვიზრუნოთ უსაფრთხოებაზე, დაცვაზე რუსული სიგიჟისგან.

შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელება შესაძლებელია და ის უნდა გაგრძელდეს რუსეთის გარეშეც. მარცვლეულის შესახებ ექსპორტის შეთანხმება არის შეთანხმება თურქეთთან და გაეროსთან და ის ძალაში რჩება. ერთადერთი, რაც ახლა საჭიროა - მისი ფრთხილად განხორციელებაა და გადამწყვეტი ზეწოლა მსოფლიოს მხრიდან ტერორისტულ სახელმწიფოზე", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

გუშინ, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას აჩერებს. კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან დაკავშირებული შეთანხმების ნაწილი არ შესრულდა.

13 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას დატოვებს. მან ასევე თქვა, რომ გაერომ ვერ შეძლო საკითხის ისე გადაწყვეტა, რომ დაკმაყოფილებულიყო რუსული მხარის მოთხოვნებიც.


close დახურვა