უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა პუტინს და მოსკოვს თავს არ ესხმის. მისი თქმით, უკრაინელები თავიანთ ტერიტორიაზე იბრძვიან.
"ჩვენ პუტინს და მოსკოვს თავს არ ვესხმით, ჩვენ საკუთარ ტერიტორიაზე ვიბრძვით, ვიცავთ ჩვენს სოფლებსა და ქალაქებს. ჩვენ არ გვაქვს საკმარისი იარაღი ამისთვის... ამიტომაც, ჩვენ პუტინს თავს არ დავსხმივართ, ამას საერთაშორისო ტრიბუნალს დავუტოვებთ", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, რუსული ძალები ფრონტზე წარმატებას ვერ აღწევენ. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს აღარ შეუძლია რუსული საზოგადოების მოტივაცია და ომში ჯარისკაცების გაგზავნა, ამიტომაც დაინტერესებულია, უკრაინას რაიმე სახის „დანაშაული“ დააბრალოს.
"ისინი [რუსი ოკუპანტები] ყოველდღიურად გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამენ. მაგრამ ყველაფერი უფრო მარტივად წყდება: არ არის საჭირო ვინმეს დაშინება, იარაღის გამოყენება, თქვენ უნდა დატოვოთ ჩვენი ტერიტორია", - განაცხადა ზელენსკიმ.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ კიევი კრემლზე, ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე, დრონებით იერიშის მიტანას შეეცადა. კრემლი მომხდარს ტერორისტულ აქტად მიიჩნევს და "იტოვებს უფლებას მიიღოს საპასუხო ზომები".