logo
ENG



ზელენსკი: ჩვენი გამარჯვება წინაა და ის ნამდვილად იქნება

04 ოქტ 202214:18
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/04/cus1p3lk2y55um6.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელ ხალხს წინ რთული გზა და გამოწვევები ელის, მაგრამ მათი გამარჯვება წინაა და ის ნამდვილად იქნება.

"ერთი წუთითაც არ დარღვეულა უკრაინელი ხალხის ერთიანობა. ეს ერთიანობა არის ჩვენი მთავარი ძალა, რომელიც ნებისმიერი შედეგის მიღწევაში გვეხმარება. წინ რთული გზა და გამოწვევები გველის. მაგრამ ჩვენი გამარჯვება წინაა და ის ნამდვილად იქნება," - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

1 ოქტომბერს, უკრაინულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ლიმანი სრულად გაათავისუფლეს. აღნიშნული ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა და განაცხადა, რომ მისმა სამხედროებმა ლიმანი დატოვეს.

3 ოქტომბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ჯარმა ხერსონის ოლქში 2 დასახლება, არხანგელსკოე და მიროლუბოვკა გაათავისუფლა. მოგვიანებით ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, იაროსლავ იანუშინმა განაცხადა, რომ ორივე ქალაქი რუსი სამხედროებისგან უკვე გათავისუფლებულია.

ხერსონის ნაწილში მარცხი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ცოტა ხნის წინ აღიარა. უწყებაში ამბობენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ფრონტის გარღვევა შეძლეს, თუმცა ირწმუნებიან, რომ რუსმა სამხედროებმა მანამდე მომზადებულ ტერიტორიებზე განლაგება მოასწრეს და კონკრეტული მიმართულებებით უკრაინელების იერიშის მოგერიება შეძლეს.


close დახურვა