უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს რუსეთმა უკრაინაში 70-ზე მეტი შაჰედი გაუშვა.
"რუსეთმა 70-ზე მეტი შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი უკრაინაში სწორედ ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს გაუშვა. როგორც ჩანს, რუსეთის ხელმძღვანელობა ამაყობს, რომ მოკვლა შეუძლია.
ჩვენმა მეომრებმა დრონების უმეტესი ნაწილი ჩამოაგდეს. ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენი საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად და მსოფლიოს გაერთიანებისთვის რუსული ტერორის წინააღმდეგ ბრძოლაში. ტერორისტული სახელმწიფო უნდა დამარცხდეს და მის ქმედებებზე პასუხი აგოს", - წერს უკრაინის პრეზიდენტი.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.