უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Abrams-ების გაგზავნის შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ უკრაინის გამარჯვების გზაზე ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
"მადლობა ჯო ბაიდენ კიდევ ერთი ძლიერი გადაწყვეტილებისთვის, რომ უკრაინას Abrams-ები მიაწოდოთ. მადლობელი ვარ ამერიკელი ხალხის მხარდაჭერაში ლიდერობისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია გამარჯვების გზაზე. დღეს თავისუფალი სამყარო ერთიანია ისე, როგორც არასდროს საერთო მიზნისთვის - უკრაინის გათავისუფლებისთვის. ჩვენ წინ მივიწევთ", - განაცხადა ზელენსკიმ.
აშშ-მა უკრაინაში Abrams-ების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ უკრაინას 31 ტანკს გადასცემს.
გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უკრაინისთვის Leopard-ების გადაცემაზე გერმანიის თანხმობა. კანცლერმა, ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ უკრაინას 14 ტანკით დაეხმარება. გარდა ამისა, გერმანია მესამე ქვეყნებს ტანკების გადაცემის ნებას დართავს.
უახლოეს დროში გერმანიაში უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების წვრთნები დაიწყება და ბერლინი ასევე მატერიალურ-ტექნიკურ ლოგისტიკასა და საბრძოლო მასალას უზრუნველყოფს.
გერმანიის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურნენ დასავლელი ლიდერები და დადებითად შეაფასეს. ოლაფ შოლცს მადლობა გადაუხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების შესახებ კანცლერთან სატელეფონო საუბრის დროს შეიტყო.
უკრაინა სამხედრო დახმარების ფარგლებში ტანკების, კერძოდ, Leopard 2-ის გადაცემას ითხოვდა. როგორც უკრაინული მხარე ამბობდა, ევროპის ქვეყნები ამისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ, თუმცა საჭირო იყო მწარმოებელი ქვეყნის, გერმანიის თანხმობა
იმას, თუ რატომ ითხოვს უკრაინა Leopard 2-ის ტანკებს, რამდენიმე მიზეზი აქვს. როგორც ექსპერტები ამბობენ, ევროპაში გერმანული წარმოებული ეს ტანკი ბევრია - დაახლოებით, 3000 სხვადასხვა ქვეყანაში. ამავე დროს, აღნიშნული ტანკი მარტივია ექსპლუატაციისთვის. Leopard-ის 13 ქვეყნის შეიარაღებულ ძალებშია, რაც ნიშნავს, რომ ევროპაში საკმარისი სათადარიგო ნაწილი და საბრძოლო მასალაა. გარდა ამისა, Leopard ცივი ომის დროს საბჭოთა T-90-ის კონკურენტად შეიქმნა, ეს უკანასკნელი კი კვლავ მრავლად არის რუსული არმიაში.