უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს გაეროს, რუსეთის მიერ კრემენჩუგზე განხორციელებული თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეაფასოს და დასაჯოს აგრესორი ქვეყანა.
"სამწუხაროდ, დღეს გაეროს არ აქვს ტერორისტი სახელმწიფოს იურიდიული განსაზღვრება, თუმცა ასე თუ ისე საჭიროა ამ სტატუსის უზრუნველყოფა იურიდიულად, რათა დაისაჯოს ტერორისტი სახელმწიფო", - თქვა ზელენსკიმ.
გაეროს უშიშროების საბჭოსთვის მიმართვის დროს, ზელენსკიმ უკრაინის ტერიტორიის უახლესი რუსული დაბომბვები გაიხსენა, კერძოდ, სარაკეტო თავდასხმები კიევზე, ხარკივზე, ოჩაკოვზე, დნიპროსა და სლავიანსკზე. ასევე, ზელენსკიმ კრემენჩუგში, სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული თავდასხმაც გაიხსენა.
ზელენსკიმ მოუწოდა გაეროს, გარიცხონ რუსეთი უშიშროების საბჭოდან და გენერალური ასამბლეიდან.
"გთავაზობთ, რომ გაკეთდეს განცხადება და მიღებული იქნას გადაწყვეტილება, რომ ეს ტერორისტულ აქტად შეფასდეს. გაეროს წესდება მოიცავს ვალდებულებას, რომელიც გულისხმობს მშვიდობის მხარდაჭერას. პირდაპირ არის ნათქვამი, რომ წევრი სახელმწიფო, რომელიც ამ პრინციპს არღვევს, შესაძლოა, გაირიცხოს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართლებრივ წესრიგს, მას ჯერ კიდევ არ უგია პასუხი საერთაშორისო დონეზე", - თქვა ზელენსკიმ.
27 ივნისს, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქ კრემენჩუგში მდებარე სავაჭრო ცენტრს რაკეტა ესროლეს, რის შედეგადაც 18 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, სარაკეტო იერიშის შემდეგ კრემენჩუგში უგზო-უკვლოდ დაკარგული 40 ადამიანის შესახებ შეტყობინება მიიღეს. უწყების ბოლო ინფორმაციით, 59 ადამიანს მიღებული აქვს ტრამვა და დამწვრობები, ნახევარი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.
ქალაქ კრემენჩუგის მერმა, ვიტალი მალეცკიმ სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული თავდასხმისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 28, 29 და 30 ივნისი გლოვის დღეებად გამოაცხადა.