უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩეხეთის პარლამენტისადმი მიმართვისას ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტის გაძლიერებისკენ მოუწოდა.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრა რუსეთის გეგმების პირველი ნაწილია და მოსკოვმა, შესაძლოა, იერიში სხვა ქვეყნებზეც მიიტანოს.
„ისევე, როგორც წარსულში, რუსეთის შეჭრა უკრაინაში არის ის პირველი ნაბიჯი, რომელიც რუსეთის ხელისუფლებას სჭირდება იმისთვის, რომ სხვა ქვეყნებამდე გზა გაეხსნას, რათა სხვა ხალხები დაიპყროს“ - განაცხადა ზელენსკიმ.
მან ბრიუსელს ასევე მოუწოდა, რომ უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის შანსები მისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით გაზარდოს.
კიევში ვიზიტისას ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ კომისიის შეფასება უკრაინისთვის სტატუსის მინიჭების შესახებ უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.