logo
ENG



ზელენსკიმ ბათილად ცნო პუტინის განკარგულებები უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიაზე

04 ოქტ 202219:54
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკიმ ბათილად ცნო პუტინის განკარგულებები უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიაზე

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოსცა ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განკარგულებები ყირიმის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების ანექსიის შესახებ ბათილად გამოცხადდა.

ზელენსკის თქმით, უკრაინის ტერიტორია არის განუყოფელი და ხელშეუხებელი მის საერთაშორისოდ აღიარებულ სახელმწიფო საზღვრებში და უკრაინის სუვერენიტეტი მის მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება.

ზელენსკი აღნიშნავს, რომ 1991 წლის 24 აგვისტოს უკრაინის დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიხედვით, უკრაინის ტერიტორია განუყოფელი და ხელშეუხებელია და ადასტურებს უკრაინის სუვერენულ უფლებას, აღადგინოს და შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ სახელმწიფო საზღვარზე, რაც სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ეროვნული უსაფრთხოების, ადამიანისა და მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უკრაინის კონსტიტუციითა და კანონებითაა უზრუნველყოფილი.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ განკარგულება შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, მათ შორის ზოგადი საერთაშორისო სამართლის სავალდებულო ნორმებს და უკრაინის არსებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებს, მათ შორის უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის უკრაინა-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე 2003 წლის 28 იანვრის ხელშეკრულებას, რომელიც არ შეიძლება დაირღვეს გარემოებების ფუნდამენტური ცვლილების შედეგადაც კი, ხელშეკრულებების სამართლის 1969 წლის ვენის კონვენციის 62-ე მუხლის შესაბამისად.

***

27 სექტემბერს, უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ოთხ ტერიტორიაზე, დონეცკში, ლუჰანსკში, ხერსონსა და ზაპორიჟიეში ე.წ. რეფერენდუმები დასრულდა. უკრაინა და დასავლეთის სახელმწიფოები ე.წ რეფერენდუმებს ყალბს უწოდებენ და აცხადებენ, რომ შედეგები წინასწარ არის განსაზღვრული.

პუტინმა და მარიონეტმა ლიდერებმა უკრაინის 4 რეგიონის: ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუჰანსკის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ხელი 30 სექტემბერს მოაწერეს.

კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით დადგენილი არ არის, სად გადის ოკუპირებული ხერსონისა და ზაპოროჟიეს "საზღვრები". ამასთან, ის ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსკოვი მოსახლეობასთან კონსულტაციებს აგრძელებს.


close დახურვა