უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობას მიმართა, რა დროსაც განაცხადა, რომ განსაკუთრებულ პერიოდში რეზერვისტების გამოძახების ბრძანება გასცა.
"საუბარია მოქალაქეებზე, რომლებიც ოპერატიულ რეზერვს განეკუთვნებიან. უნდა გავზარდოთ უკრაინის არმიის მზადყოფნა ოპერატიულ ვითარებაში ყველა შესაძლო ცვლილებისთვის", - განაცხადა მან.
მისივე თქმით, საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადება ამ დროისთვის საჭირო არაა.
გარდა ამისა, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბიზნესსა და საბანკო სისტემაზე შემცირდება საგადასახადო ტვირთი, ხოლო ბენზინსა და დიზელზე დამატებითი ღირებულების გადასახადი.
21 თებერვალს ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა. რამდენიმე საათში კი დონბასში ჯარების შეყვანის ბრძანება გასცა. რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში ნათქვამია, რომ ჯარები "მშვიდობის დამყარების მიზნით" შეჰყავთ.
რუსეთის პასუხად გერმანიამ Nord Stream 2-ის გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა.
თემთა პალატაში დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა რუსეთის მიმართ ახალი სანქციები წარადგინა. სანქციები დაუწესდება 5 რუსულ ბანკს - როსია, IS ბანკი, გენერალური ბანკი, პრომსვიაზბანკი და შავი ზღვის ბანკი. ასევე, სანქციები შეეხო პუტინთან დაახლოებულ სამ ოლიგარქს: გენადი ტიმჩენკოს, ბორის როტენბერგს და იგორ როტენბერგს.
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეათანხმა, რომელიც მათ შორის რუსეთის დუმის 351 დეპუტატსაც შეეხება.
აღიარების გამო სანქციები ასევე შეეხება 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს. სანქციები გავრცელდება ბანკებსა და ორგანიზაციებზე, რომლებიც დონბასში რუსულ ოპერაციებს აფინანსებენ.
რუსეთს სანქციები დაუწესა აშშ-მაც. როგორც პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა ეს სანქციების პირველი ნაწილია და თუ რუსეთი გააგრძელებს უკრაინაზე თავდასხმას, ზომები კიდევ უფრო გამკაცრდება.
სანქციები შეეხება ორ ფინანსურ ინსტიტუტზე - VEB და სამხედრო ბანკს. ასევე შავ სიაში მოხვდებიან რუსული ელიტის წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები.