logo
ENG



ზელენსკიმ რადაში რომის სტატუტის რატიფიცირების კანონპროექტი შეიტანა

16 აგვ 202401:18
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/16/3hgzctqfp7vm0kx.png

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირების კანონპროექტი შეიტანა.

კანონპროექტის რატიფიცერბის შემთხვევაში უკრაინა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სრულად შეუერთდება. 

კანონპროექტის თანახმად, უკრაინა რომის სტატუტის რატიფიცირებას მოახდენს ცალკეული განცხადებით, რომლის მიხედვითაც, რატიფიკაციის კანონის ძალაში შესვლიდან შვიდი წლის განმავლობაში "უკრაინა არ ცნობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას თავის მოქალაქეებთან მიმართებაში დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, რომელიც რომის სტატუტის მე-8 მუხლით არის გათვალისწინებული".

როგორც Ukrainskaya Pravda წერს, ჯერჯერობით უცნობია, როგორ უნდა იმუშაოს ამ ნორმამ იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინამ სასამართლოს უკვე მიანიჭა უფლება საკუთარ ტერიტორიაზე დანაშაული გამოიძიოს.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა ცალკე შეიტანა კანონპროექტი, რომელიც სისხლის სამართლისა და საპროცესო კოდექსში საერთაშორისო დანაშაულებთან დაკავშირებით მუხლების დამატებას გულისხმობს, სტატუსის დებულების შესაბამისად.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტი 124 ქვეყანას აქვს რატიფიცირებული. რუსეთმა და აშშ-მა სტატუტს ხელი მოაწერეს, მაგრამ, მოგვიანებით ხელმოწერა უკან გაიწვიეს.

უკრაინამ რომის სტატუსს ხელი 2000 წელს მოაწერა, თუმცა ამ დრომდე მისი რატიფიცირება არ მოუხდენია.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინის ხელისუფლებამ რომის სტატუტის რატიფიცირება დაუშვა, მაგრამ მხოლოდ სრულმასშტაბიანი ომის დასრულების შემდეგ. ამასთან, ბოლო თვეებში კიევმა განაცხადა, რომ დოკუმენტის რატიფიცირების რისკები არ არსებობს.


close დახურვა