უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სინგაპურში ვიზიტისას უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩინეთის მიერ რუსეთის მხარდაჭერა დაგმო.
ზელენსკის განცხადებით, ჩინეთის მხარდაჭერა რუსეთის მიმართ მხოლოდ უკრაინაში "ომის გაგრძელებას" უწყობს ხელს, რაც მთელი მსოფლიოსთვის ცუდი შედეგების მომტანია.
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთს კონფლიქტში ნეიტრალურად გამოჩენა სურს, მან რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მასობრივად გააძლიერა ეკონომიკური კავშირები რუსეთთან, რაც დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების ეფექტს ამცირებს. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ომში ჩინეთმა ასევე რუსეთის შეიარაღების ელემენტები უზრუნველყო.
მანამდე ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა, დონ ჯუნმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის სამხედრო ტექნიკით დახმარება კატეგორიულად უარყო და ამტკიცებდა, რომ ექსპორტზე "მკაცრი კონტროლი" ხორციელდება.
თავის გამოსვლაში ზელენსკიმ ასევე მოუწოდა აზიის ქვეყნებს, გაგზავნონ დელეგატები სამშვიდობო სამიტზე, რომელიც თვის ბოლოს შვეიცარიაშია დაგეგმილი. მისი თქმით, სამშვიდობო კონფერენცია, რომელზეც რუსეთი არ არის მიწვეული, ბირთვული ომის თავიდან აცილებაზე, სასურსათო უსაფრთხოებასა და რუსეთში მყოფი ტყვეებისა და უკრაინელი ბავშვების გათავისუფლებაზე იქნება ფოკუსირებული.
ჩინეთმა გასულ კვირას გამოაცხადა, რომ სამშვიდობო სამიტზე წარმომადგენლებს არ გააგზავნის. როგორც ზელესკიმ აღნიშნა, ეს ადასტურებს, რომ რუსეთი ჩინეთს ინსტრუმენტად იყენებს. ასევე, თქვა, რომ ქვეყანა სხვა სახელმწიფოებთან "მუშაობს" რათა კონფერენციაში არც მათმა წარმომადგენლებმა მიიღონ მონაწილეობა.
ზელენსკის განცხადებითვე, უკვე 106-მა ქვეყანამ დადო პირობა, რომ კონფერენციაზე მაღალი დონის წარმომადგენლებს გაგზავნის.