უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ყირიმის პლატფორმა უნდა იყოს საწყისი წერტილი სხვა პლატფორმების შესაქმნელად, რომელიც ხელს შეუწყობს ტერიტორიების დეოკუპაციას - აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან ჩრდილოეთ ტერიტორიებამდე. ამის შესახებ ზელენსკიმ ყირიმის პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტზე ისაუბრა.
"ეს ჩვენი ფორმატი, ყირიმის პლატფორმის ფორმატი, უნდა გავხადოთ საწყისი წერტილი სხვა ჰუმანიტარული და დიპლომატიური პლატფორმებისთვის, რომლებიც ხელს შეუწყობს სხვა ტერიტორიების დეოკუპაციას: დნესტრისპირეთიდან და აფხაზეთიდან ჩრდილოეთ ტერიტორიებამდე", - აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკი ამბობს, რომ 2014 წლის მდგომარეობით, ყირიმი ევროპის ერთადერთი ნაწილია, სადაც დე ფაქტო წმენდა მოხდა - რელიგიურ და ეთნიკურ ნიადაგზე. მისი თქმით, თუ ადამიანი მუსლიმია ან ყირიმელი, ან უკრაინული პასპორტი აქვს, რუსი ოკუპანტები მათ დამნაშავედ თვლიან. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ უკრაინელი ხალხი უკვე მეცხრე წელია ასეთ პირობებში ცხოვრობს.
"ყირიმის რეინტეგრაცია არ იქნება ადვილი ამდენი წლის ოკუპაციის შემდეგ. მაგრამ თანამშრომლობის წყალობით, ამის უზრუნველყოფასაც მოვახერხებთ. სიტუაციას მთლიანად შევცვლით. ვინაიდან რუსული აგრესიის პოტენციალი მთლიანად განადგურდება, როდესაც უკრაინის დროშა დაბრუნდება თავის კუთვნილ ადგილას - ყირიმის ქალაქებსა და სოფლებში," - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსეთის მიერ მოტანილი ქაოსი დროებითი უნდა იყოს - ის მიუთითებს, რომ ყველაფერი ყირიმით დაიწყო და მისი დაბრუნება ნამდვილი მშვიდობის დაბრუნებას ნიშნავს. უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ რუსული აგრესიის პოტენციალი სრულიად განადგურდება, როცა უკრაინის დროშა თავის კუთვნილ ადგილზე დაბრუნდება - ყირიმის ქალაქებსა და სოფლებში.
