logo
ENG



ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთთან კოლაბორაციონიზმს კრძალავს

15 მარ 202216:34
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/15/5fuja57drz9it2e.jpeg

უმაღლესი რადას ვიცე-სპიკერმა, ალექსანდრ კორნიენკომ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს კოლაბორაციის შესახებ, რომლის თანახმადა რუსეთთან თანამშრომლობა სისხლის სამართლებრივად დაისჯება.

სისხლის სამართლის კოდექსს ცალკე მუხლი ემატება "კოლაბორაციულ საქმიანობაზე", რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აგრესორ სახელმწიფოსთან, მის საოკუპაციო ადმინისტრაციასთან ან მის სამხედრო ან გასამხედროებულ ფორმირებებთან სამხედრო, პოლიტიკურ, საინფორმაციო სფეროებში თანამშრომლობისთვის. დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

აღნიშნული კანონით აკრძალულია:

  • ოკუპირებულ ტერიტორიებზე "არალეგალურ ხელისუფლებაში" ხელმძღვანელი თანამდებობების ნებაყოფლობით დაკავება და იქ "არალეგალური არჩევნებისა და რეფერენდუმის" ჩატარება (5-10 წლით თავისუფლების აღკვეთა);
  • ოკუპანტების მხარდასაჭერად პოლიტიკური ღონისძიებებისა და საინფორმაციო აქტივობების ორგანიზება (10-12 წელი);
  • ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ "არალეგალურ სასამართლო ან სამართალდამცავ ორგანოებში" თანამდებობების ნებაყოფლობით დაკავება (10-15 წელი);
  • თუ ზემოაღნიშნული ქმედებებს მოჰყვა სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგები (15 წლით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა).

კანონპროექტი ასევე იძლევა იმ პოლიტიკური პარტიების ლიკვიდაციის უფლებას, რომელთა უფლებამოსილი პირები მსჯავრდებულნი არიან კოლაბორაციის გამო. იმ პირებს, რომლებიც შემჩნეულნი არიან კოლაბორაციონიზმში, ეკრძალებათ საარჩევნო კომისიის წევრობა, დამკვირვებლობა, საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატის წარდგენა და ა.შ.

კორინეკო აცხადებდა, რომ 20 უკრაინელი დეპუტატი ახლა საზღვარგარეთ იმყოფება. მისი თქმით, უსაფრთხოების სამსახური მათ საქმეებს შეისწავლის მას შემდეგ, რაც კანონი ძალაში შევა.

აღნიშნული კანონპროექტი 2021 წელს დარეგისტრირდა და მოსალოდნელი იყო, რომ მას ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ გამოიყენებდნენ. კანონპროექტი რადამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მიიღეს.

 


close დახურვა