უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის დიდ ბრიტანეთში ვიზიტის პარალელურად, გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა.
როგორც ცნობილია, სანქციების ახალ პაკეტში მოხვდა ექვსი კომპანია, რომლებიც რუსეთს სამხედრო ტექნიკასა და უპილოტო საფრენ აპარატებს აწვდიან. გარდა ამისა, სანქცირებულთა სიაშია 8 პირი, რომელთაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პირად ძალაუფლებასთან აკავშირებენ.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციები "ძირს უთხრის პუტინის რეჟიმის საომარ მანქანას და ეხმარება უკრაინას".
"უკრაინამ აჩვენა პუტინს, რომ არ დაეცემა მისი ტირანული შემოჭრის გამო. უკრაინამ უპასუხა განურჩეველი დარტყმებით სამოქალაქო უბნებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ არ შეგვიძლია, რომ რუსეთს მივცეთ წარმატების საშუალება. ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ეს ახალი სანქციები აჩქარებს ეკონომიკურ ზეწოლას პუტინზე - ძირს უთხრის მის საომარ მანქანას, რათა დაეხმაროს უკრაინას გამარჯვებაში. გადაწყვეტილებას ვიღებთ ჩვენი კანონების შესაბამისად, ამიტომ, რუსეთს არ ექნება წვდომა ჩვენს მიერ გაყინულ აქტივებზე, სანამ ერთხელ და სამუდამოდ არ შეწყვეტს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ საფრთხეს", - თქვა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ჩაფრინდა.
საინფორმაციო სააგენტო PA Media სასახლის განცხადებაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III ბუკინგემის სასახლეში ზელენსკის შეხვდება.
The Telegraph-ის ცნობით, ზელენსკი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ რიში სუნაკს შეხვდება და ასევე ინახულებს უკრაინელ სამხედროებს, ვინც ბრიტანეთში წვრთნებს გადიან.
Telegraph-ის ინფორმაციით, ასევე დღეს პრემიერი სუნაკი კიევისთვის შორი მანძილის იარაღის გადაცემასა და უკრაინული ძალებისთვის წვრთნების გაფართოებულ პროგრამას გამოაცხადებს.
გამოცემის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი ბრიტანეთის პარლამენტს მიმართავს, შემდეგ კი ბრიუსელში გაემგზავრება.
2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ ზელენსკი პირველად სტუმრობს დიდ ბრიტანეთს. ეს მისი მეორე მოგზაურობა იქნება უკრაინის ფარგლებს გარეთ.