logo
ENG



ზელენსკის თქმით, დღეს ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქებს 67 რაკეტა ესროლეს

23 ნოე 202220:21
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკის თქმით, დღეს ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქებს 67 რაკეტა ესროლეს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დღეს რუსეთმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოა - მისი თქმით, ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქებს 67 რაკეტა ესროლეს.

"დღეს ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. როგორც იქნა. დიდი მადლობა თითოეულ ევროპარლამენტარს. შემდეგ რუსეთმა ჩვენს ინფრასტრუქტურაზე, ელექტროენერგიასა და უბრალო ადამიანებზე 67 რაკეტის გამოყენებით მთელი მსოფლიოსთვის დაამტკიცა, რომ ეს სიმართლეა", - აღნიშნა მან.

ზელენსკიმ სამძიმარი გამოუცხადა ყველას, ვინც დღევანდელი სარაკეტო იერიშების შედეგად ახლობელი ადამიანები დაკარგეს. მისი თქმით, ოკუპანტების სარაკეტო იერიშის შედეგად არაერთი დაჭრილი და გარდაცვლილია.

"შედეგები ტრაგიკულია - დიდი რაოდენობით დაშავებულები, არიან დაღუპულებიც. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი სამძიმარი ყველამ, ვინც დაკარგეთ ახლობელი. რაც შეეხება სინათლესა და წყალს, ყველა მუშაობს, დავალება გაიწერა, ჩვენ ყველაფერს აღვადგენთ", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

რუსეთმა უკრაინაზე მასობრივი სარაკეტო იერიში მიიტანა, ოკუპანტებმა დაბომბეს კიევიც. ადგილობრივი რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსი კულებამ განაცხადა, რომ კიევის რეგიონში, დაბომბვის შედეგად, საცხოვრებელ სექტორი და კრიტიკულ ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ქალაქის ადმინისტრაციის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 3 ადამიანი, ხოლო დაშავდა — 6.

პარალელურად დღეს ევროპარლამენტის კანონმდებლებმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ცნეს - ამასთან, აღიარეს სახელმწიფოდ, რომელიც ტერორიზმის საშუალებებს იყენებს.

იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად ევროკავშირს ოფიციალურად არ შეუძლია სახელმწიფოები ტერორიზმის სპონსორებად გამოაცხადოს, ევროპარლამენტი მის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, გაატარონ შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოები და რუსეთის ამ სიაში შეყვანა განიხილონ. მათი თქმით, ეს მოსკოვის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი შემზღუდავი ღონისძიებების გატარებას შეუწყობს ხელს.

დეპუტატები საბჭოს მოუწოდებენ, რომ EU-ს ტერორიზმის სიაში შეიყვანონ კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი, ასევე ე.წ. კადიროველები და რუსეთის მიერ დაფინანსებული სხვა სამხედრო ჯგუფები. მათივე თქმით, საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთი მეტად უნდა იზოლირდეს, მათ შორის ეს უნდა შეეხოს საერთაშორისო ორგანიზაციებში მის წევრობას.


close დახურვა