უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ნიდერლანდებმა უკრაინას 200 მილიონი ევროს ფინანსური დახმარება გამოუყო. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ თანხა საჯარო სექტორის თანამშრომლებისთვის ხელფასის გადახდას მოხმარდება.
"მინდა აღვნიშნო ნიდერლანდების მთავრობის გადაწყვეტილება ჩვენი სახელმწიფოსთვის დამატებით მძიმე იარაღის მოწოდების შესახებ, ჩვენ ამისთვის ძალიან მადლობელი ვართ. მინდა ასევე შეგატყობინოთ უკრაინისთვის დამატებით 200 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ. ამ გადაწყვეტილებით ჰოლანდიის მთავრობა უკრაინელ მასწავლებლებს, ექიმებს და პენსიონერებს დაეხმარება," - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
როგორც უკრაინის ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს, ივნისის ბოლოს, უკრაინა საჯარო სექტორის თანამშრომლებისთვის ხელფასების გადასახდელად იძულებული გახდა მსოფლიო ბანკიდან 446.8 მილიონი ევრო სესხის სახით აეღო.