უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა იწყებს საჯაროდ ფინანსების შეგროვებას, ფანდრაიზინგს საზღვაო უპილოტო დრონების ფლოტის შესაქმნელად.
ზელენსკის თქმით, უკრაინას სჭირდება დრონები, რათა მათი ზღვები და მშვიდობიანი ქალაქები რუსული გემებიდან გაშვებული რაკეტებისგან დაიცვას.
გარდა ამისა, ზელენსკის თქმით უკრაინის შეიარაღებული ძალები გამოიყენებენ ნავებს, რათა განბლოკონ დერეფანი იმ სამოქალაქო გემებისთვის, რომლებსაც მარცვლეული უკრაინული პორტებიდან გააქვს.
„ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ზღვების წყლები და მშვიდობიანი ქალაქები რუსული რაკეტებისგან, რომლებსაც გემებიდან უშვებენ. საზღვაო დრონები ასევე დაგვეხმარებიან, განვბლოკოთ დერეფანი სამოქალაქო გემებისთვის, რომლებსაც მსოფლიოსთვის მარცვლეული გააქვთ“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ მილიონობით ადამიანი დაუჭერს მხარს უკრაინის თავდაცვისთვის მნიშვნელოვან ამ სფეროში და ასევე აცხადებს, რომ ამ დრონებს მხოლოდ თავდაცვითი მიზნებისთვის გამოიყენებენ.
ფანდრაიზინგის ვებგვერდზე UNITED24-ზე, სადაც უპილოტო საზღვაო დრონებისთვის ფინანსების მობილიზება ხდება წერია, რომ ამგვარი ფლოტი მსოფლიოში პირველ იქნება და უკრაინას იმედი აქვს, რომ 100 დრონის შეძენისთვის საჭირო თანხას მოაბილიზებს.
UNITED24-ის ცნობით, თითოეული საზღვაო დრონი 250 000 დოლარი ღირს. სრული თანხის დონაციის შემთხვევაში კი დამფინანსებელს შეეძლება ამგვარ დრონს სახელი თავად დაარქვას.
„დრონებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ შორ მანძილზე საზღვაო დაზვერვასა და სანაპიროს მეთვალყურეობაში და ტრადიციული ფლოტის მხარდაჭერაში, ასევე სავაჭრო გემების თანხლებაში დაცვის მიზნით, საარტილერიო ცეცხლის ზონირებაში, ჩვენი ბაზების დაცვაში და წყალსა და ხმელეთზე ოპერაციების წინააღმდეგ ბრძოლაში“ - აცხადებს UNITED24.