ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე, შესაძლებელია, ზემო აჭარაში ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი იყოს.
პარტიის ერთერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ნაკაიძის შესაძლო მაჟორიტარობის შესახებ პოლიტიკური კონსულტაციები მიმდინარეობს.
უგულავას თქმით, ნაკაიძესთან საუბარი უკვე შედგა და რიგ საკითხებთან დაკავშირებით მათი პოზიციები თანხვედრაში იყო.
"ჩვენი აზრით, ტარიელ ნაკაიძე არის ძალიან ღირსეული ადამიანი. მას აქვს ძალიან სწორი და კარგი რეპუტაცია. აბსოლუტურად ჯანსაღი და სწორი ღირებულებები. გამიხარდება, თუ ჩვენი თანამშრომლობა შედგება. უბრალოდ მე მინდა, რომ თუ ეს თანამშრომლობა შედგება, ამის შესახებ პირადად მან ისაუბროს. გვქონდა საუბარი და ჩვენი პოზიციები ბევრ საკითხში ემთხვევა, განსაკუთრებით რელიგიური თავისუფლების მიმართულებით. ძალიან პატივსაცემი ადამიანია და თუ ჩვენი თანამშრომლობა შედგება, მგონი ძალიან სასარგებლო იქნება მათ შორის იმ რეგიონისთვის, რომელსაც ის წარმოადგენს. მე დარწმუნებული ვარ, ის იქნება აჭარის მთიანეთის ღირსეული წარმომადგენელი", - განაცხადა გიგი უგუალვამ.
ევროპულ საქართველოსთან მოლაპარაკებები თავად ნაკაიძემაც დაადასტურა. როგორც მან ფორმულას განუცხადა, გადაწყვეტილებას ამომრჩევლებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღებს.
"მოლაპარაკების დონეზეა ეს საკითხი, ბევრს ვერაფრის გეტყვით. სანამ მივიღებ გადაწყვეტილებას, ჯერ იმ ელექტორატს ვუთანხმდები, ვინც ჩემი ამომრჩეველია. ასე რომ ჯერ გარკვეული არაფერი არ არის", - ამბობს ტარიელ ნაკაიძე.