„ზიარება ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით შეიძლება იყოს კატასტროფული", - ასე აფასებს შექმნილ ვითარებაში კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი, ვახტანგ კალოიანი.
როგორც კალოიანი განმარტავს, რწმენა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ყველამ, რათა ეპიდემიის წინააღმდეგ არსებული ერთადერთი იარაღი, სოციალური დისტანცირება, სწორად იქნას გამოყენებული.
„სოციალური დისტანცირება ეხება ყველას - ექიმები, ჟურნალისტები, მორწმუნეები - ეს არის ერთადერთი იარაღი. ეკლესიის როლი ძალიან მნიშვნელოვანია და ეკლესიის მსახურები იმედია ადეკვატურად შეხედავენ ამ საფრთხეს. არის მოწოდებები, რომ მრევლმა თავი აარიდონ თავშეყრას. ზიარება ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით შეიძლება იყოს კატასტროფული. ეს პასუხისმგებლობა არის ყველასი - სხვა იარაღი ჩვენ არ გვაქვს. თხოვნა გვაქვს ექიმებს მოძღვრების მიმართ - დაიცავით ჩვენი სიცოცხლე, რომ საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ დაგეხმაროთ", - ამბობს ვახტანგ კალოიანი.
შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით საქართველოში ინფიცირების 70 შემთხვევაა - აქედან ცხრა პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებულია.