logo
ENG



ზილფიმიანი: საიდუმლო რუკებზე მქონდა წვდომა, გარეჯი არასდროს ყოფილა აზერბაიჯანის ტერიტორია

01 თებ 202119:52
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/01/9tfjflefs9tah7j.jpg

პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის სიით შესული დეპუტატი, ევროპელი სოციალისტების წევრი დავით ზილფიმიანი ამბობს, რომ დავით გარეჯი აზერბაიჯანის ტერიტორია არასდროს ყოფილა.

როგორც ზილფიმიანმა გადაცემა კომენტარში განაცხადა, ამას ადასტურებს "საიდუმლო რუკებიც", რომელზე წვდომაც სეისმური სამსახურის უფროსად მუშაობის პერიოდში ჰქონდა.

დეპუტატის თქმით, რუკების მიხედვით, რომელიც რამდენიმე დღის წინ "თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო სამსახურს გადასცა", დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსამდე ერთადერთი გზა საქართველოდან მიდის.

"საქართველოს ტერიტორია 38 წლის შეთანხმებით, არის და იყო. მე გარკვეული პერიოდი ვმუშაობდი სეისმური სამსახურის უფროსად და საიდუმლო რუკებზე წვდომა მქონდა ლოგიკურია, რადგან სეისმოლოგებზე მეტად ეს არავის სჭირდება. მე ეს რუკები ამ რამდენიმე დღის წინ გადავეცი თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო სამსახურს. მე რუკის ჩვენების უფლება არ მაქვს, რადგან საიდუმლოა, მაგრამ რა არის დატანილი იმ რუკაზე, გეტყვით და შეიძლება სიახლეც გითხრათ.

ჩემს ხელთ არსებული მონაცემებითაც, არა მარტო საქართველოა, არამედ არასოდეს არ ყოფილა ის [დავით გარეჯი] აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. შემოხაზულია რუკაზე, რომ ეს არის საქართველო და ერთადერთი შემავალი გზა, წლების და საუკუნის წინ, არის საქართველოდან. აზერბაიჯანის მხრიდან ცალფეხა ბილიკიც კი არ არსებობდა. ეს შეიძლება სიახლეა და ამას ვადასტურებ. რუკას როცა ჩახედავენ სპეციალისტები, ამას ნახავენ", - განაცხადა დავით ზილფიმიანმა.

რაც შეეხება კარტოგრაფების საქმეს, დაპუტატმა აღნიშნა, რომ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის ბრალის წარსადგენად საქმეში საკმარისი არგუმენტები არ არის.

"აღმოჩნდა, რომ ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული ის არგუმენტები და ფაქტები, რითაც შეიძლება მათ წაუყენონ ბრალი. ისინი თავისუფლებაზე არიან დღეს, ამ ადამიანებზე მე ვერაფერს ვიტყვი. ის არის მეცნიერი, რატომ უნდა მინდოდეს ან რატომ უნდა ვთქვა, რაიმე ცუდი მისდამი", - თქვა ზილფიმიანმა.

ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული დავით ხიდაშელის მიერ რუსეთიდან გამოგზავნილ რუკებზე დაყრდნობით, პროკურატურამ საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი, გასული წლის 7 ოქტომბერს დააკავა. გამოძიება კარტოგრაფებს სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევას ედავება. უწყება ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს". ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ.

კარტოგრაფები თბილისის საქალაქო სასამართლომ 28 იანვარს, 20-20 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა


close დახურვა