logo
ENG



ზლოტოვსკი: რა თქმა უნდა მხარს ვუჭერთ მოთხოვნას, რომ საარჩევნო სისტემა გახდეს პროპორციული

04 თებ 202021:17
3 წუთის საკითხავი
 

 

ევროპარლამენტში 2020 წლის არჩევნების შედეგებს ლეგიტიმაციის რეალური პრობლემა  ექნება, - ეს იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება მხარეებს შორის არ შედგება. ევროპულ სტრუქტურებში შეხვედრებს ოპოზიციონერი ქალი ლიდერები მართავენ. მათ ევროპელ კოლეგებთან კონკრეტული საქმეები ჩაიტანეს, რომელთა გაცნობის შემდეგაც პარტნიორებს დაუდასტურდათ აღქმა იმის შესახებ, რომ საქართველოს პოლიტპატიმრები ჰყავს.  მოლოდინი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება დათმობებზე წავა ევროპარლამენტარებს არ აქვთ, თუმცა მათ ჯერ კიდევ აქვთ იმის იმედი, რომ ხელისუფლება ევრო დეპუტატებზე გაცემულ დანაპირებს შეასრულებს და მომავალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, ისეთი სისტემით, რომელზეც იქნება თანხმობა ყველა აქტორისგან. ევროდეპუტატები აღნიშნავენ იმასაც, რომ ეს არის ქართველი ხალხის ნება და მათ აქვთ სურვილი, რომ მათი ხმა ისმოდეს პარლამენტში.

კოზმა ზლოტოვსკის თქმით, სწორედ საარჩევნო სისტემა იყო ის საკითხი, რომელიც ქართველ დეპუტატებთან ერთად შეხვედრაზე განიხილეს. მისი თქმით ის მხარს უჭერს ოპოზიციის მოთხოვნას საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ სისტემის შეცვლა ნიშნავს იმას, რომ ყველა პოლიტიკური ძალა პარლამენტში წარმოდგენილი იყოს.

„მთავარი საკითხი რომელიც განვიხილეთ საქართველოში საარჩევნო კანონის რეფორმა იყო, ვიცი რა სიტუაციაცაა. ვიცი, რომ იყო მცდელობა კანონის შეცვლის, მაგრამ ის ამ დრომდე იგივეა და არ არსებობს კომპრომისი. რა თქმა უნდა მხარს ვუჭერთ მოთხოვნას, რომ კანონი შეიცვალოს და საარჩევნო სისტემა გახდეს პროპორციული, ამ საკითხზე ჩვენ ქართველ ოპოზიციას დავუჭერთ მხარს, ეს ნიშნავს, რომ ყველას შეეძლება, რომ ყველა წარმოდგენილი იყოს პარლამენტში“,-განაცხა კოზმა ზლოტოვსკიმ.

პეტრას ავსტრევიჩუსის თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პროცესებში ღრმად და კონსტრუქციულად არიან ჩართული, მისი თქმით ის ისურვებდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ დიალოგი წარმატებით გააგრძელოს.

„საქართველო უნდა ამაყობდეს, რომ ჰყავს ბევრი ახალგაზრდა ქალი პოლიტიკოსი, რომლებიც ასე ღრმად და კონსტრუქციულად არიან ჩართული მათი ქვეყნის პოლიტიკაში. ვისურვებდი, რომ ისინი იყვნენ ხელისუფლებაში ეს კარგი გზავნილი იქნებოდა მოსახლეობისთვისაც და პოლიტიკური კლასისთვისაც. ვისურვებდი რომ თბილისში მმართველ კვალიციასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე პოლიტიკური დიალოგი  წარმატებით გაგრძელდეს, ჩვენ გვჭირდება და ველით კარგ შედეგს განსაკუთრებით საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რადგან საქმე ეხება შიდა სტაბილურობას, სტაბილურობა კი მომავალი განვითარებისთვის უპირველესი რამაა“,-განაცხადა პეტრას ავსტრევიჩუსმა.

სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ქალი წარმომადგენლები ევროპარლამენტში შეხვედრებს, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან ამ დრომდე აგრძელებენ. მათი თქმით შეხვედრის მთავარი თემა საარჩევნო სისტემის ცვლილების აუცილებლობა და საქართველოში პოლიტიკურ ოპონენტებზე სამართლებრივი დევნაა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ „ქართული ოცნება“ საზოგადოებას თავს მოახვევს მისთვის მისაღებ საარჩევნო სისტემას, საქართველოს დემოკრატიულობა ევროპაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

 „თუ ეს მოლაპარაკებები ვერ დადებს შედეგს და ქართული ოცნება თავს მოახვევს საზოგადოებას მისთვის მისაღებ საარჩევნო მოდელს, ეს იმას ნიშნავს, რომ არჩევნებამდეც კი საქართველოს დემოკრატიულობა ევროპაში დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ“,-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“  წევრის ელენე ხოშტარიას თქმით, საქართველოში პოლიტიკურმა დევნამ მასშტაბური ხასიათი მიიღო და ამ ფაქტზე ყველა ის ქვეყანა წუხს, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ მომავალს მხარს უჭერს.

„ფაქტია, რომ მეტი და მეტი ქვეყანა წუხს იმაზე, რომ საქართველოში პოლიტიკურმა დევნამ მიიღო ძალიან მასშტაბური ხასიათი და ცხადია ეს არის ის საკითხი რომლისთვისაც დღეს ქართულ ოცნებას სხვადასხვა ფორმით აუცილებლად მოეთხოვება პასუხი“,-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ოპოზიციური პარტიების ლიდერებს პარალელურად შეხვედრები აქვთ დაგეგმილი ევროკომისიის წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან.

 


close დახურვა