logo
ENG



ზოიძე: ეხლა შევდივართ ტალღის აზვირთების პერიოდში

11 აპრ 202016:23
3 წუთის საკითხავი
 
e6qdm2g5a5mexly.jpg

 

ჯანდაცვის ექსპერტი, აკაკი ზოიძე Facebook-ზე წერს, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ ჩატარებულ რეგულარულ სენტინელურ კვლევებში, როდესაც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით რესპირატორული ინფექციის სიმპტომების მქონე პირები იტესტებიან, ჯერჯერობით არ აღმოჩენილა ახალი კორონავირუსის შემთხვევა.

როგორც ზოიძე აცხადებს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი დადასტურებული შემთხვევების აქტიურ და ინტენსიურ მოძიებასა და იზოლაციას აგრძელებს, მისი თქმით, ეს პროცესი მნიშვნელოვანია შიდა გადაცემის შენელებისთვის.

„ასევე კარგია, რომ დაავდებათა კონტროლის ცენტრი და შესაბამისი სამსახურები აგრძელებენ დადასტურებული შემთხვევების კონტაქტების აქტიურ და ინტენსიურ მოძიებას და იზოლაციას. ეს უმნიშვნელოვანესია შიდა გადაცემის შენელებისათვის და არის COVID-19-თან ბრძოლის მეთოდის: "ტესტირება/დადასტურება-კონტაქტების მოძიება-იზოლაცია" კრიტიკული ელემენტი და უნდა გაგრძელდეს, თუნდაც ამისთვის დაგვჭირდეს ძალიან ბევრი ადამიანის მობილიზება/სწავლება და ჩართვა“, - წერს აკაკი ზოიძე Facebook-ზე.  

აკაკი ზოიძე ასევე აცხადებს, რომ კორონავირუსით გარდაცვლილთა მაჩვენებელი ქვეყანაში საკმაოდ დაბალია, დამაიმედებელია, თუმცა, მისივე თქმით, ეს თვითკმაყოფილების საშუალებას არ გვაძლევს. როგორც ზოიძე წერს, ქვეყანა ახლა ვირუსის გავრცელების აღმავალ პერიოდშია და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდაციების დაცვა უმნიშვნელოვანესია.

„ჯერჯერობით კვლავაც მივდივართ შედარებით კეთილსაიმედო სცენარით, მაგრამ ეს თვითკმაყოფილების საშუალებას არ იძლევა, იმიტომ რომ ეხლა შევდივართ (მართალია ნელ-ნელა, მაგრამ მაინც) ე.წ. "ტალღის აზვირთების" პერიოდში, როდესაც პაციენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად მოიმატებს.  შესაბამისად, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს პერიოდში დადასტურებული შემთხვევების გაორმაგების პერიოდი არ შემცირდეს ძალიან: დარჩეს 4-6 დღის ფარგლებში და რაც მთავარია, არ დაიწყოს COVID-19 ის სიკვდილობამ ზრდა პროგრესულად“, - წერს აკაკი ზოიძე.

 


close დახურვა