logo
ENG



ზოიძე სინოდზე: ვისურვებდი ყოფილიყო მოწოდება, რომ ვაქცინამ შეიძლება დაიცვას თქვენი მოყვასი

11 თებ 202120:47
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/11/kkf4vlups3o2fct.png

ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე სურვილს გამოთქვამს, რომ სინოდის განჩინებაში იყოს დადებითი მოწოდება ვაქცინაციასთან დაკავშირებით და ამავდროულად, მიესალმება რამდენიმე სასულიერო პირის განცხადებას, რომლის თანახმადაც, მრევლი ვაქცინაციის გაკეთების კუთხით თავისუფალი იქნება საკუთარ გადაწყვეტილებებში. 

როგორც ზოიძემ ფორმულას გადაცემაში კომენტარი აღნიშნა, "ძალიან მნიშვნელოვანია რა პოზიცია გაჟღერდება სასულიერო პირებისგან" ამ საკითხთან დაკავშირებით.

"დეკემბრის მონაცემებით 41% ემხრობა ვაქცინაციას, 41% ამბობს, რომ ვაქცინას არ გაიკეთებს, 17%-ს არ ჰქონდა გადაწყვეტილი. ამ წონასწორობის შეცვლისთვის საინფორმაციო კამპანიას დიდი მნიშვნელობა აქვს და მნიშვნელოვანია ასევე ეკლესიის მხრიდანაც პოზიციის დაფიქსირება", - ამბობს ექსპერტი. 

ის მიიჩნევს, რომ სწორი განცხადებებით, "საფუძველი ეცლება ექსტრემისტულად განწყობილ ადამიანებს, რომლებიც რელიგიის სახელით ავრცელებენ დეზინფორმაციას". 

"რაც გავიგე სასულიერო პირების პირველი კომენტარები, რომ აქ იქნება ნების თავისუფლება, ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. ამითი საფუძველი ეცლება ექსტრემისტულად განწყობილ ადამიანებს, რომლებიც მართლმადიდებლობის და რელიგიის სახელით ავრცელებენ დეზინფორმაციას, შეთქმულების თეორიებს - ჩიპიზაციასთან, ანტიქრისტესთან დაკავშირებულს, 3 ექვსიანთან და ასე შემდეგ. 

მოვისმინე სწორი პოზიციებიც, რომ უნდა ვკითხოთ ჯერ სპეციალისტებს, რომ ეს არის სამედიცინო ჯანდაცვის თემა და ამას მივესალმები. სინოდის განცხადებაც იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი. გასაგებია, რომ სინოდი ვერ დაავალდებულებს და ვერც მოუწოდებს დაბეჯითებით, მაგრამ ვისურვებდი, რომ ყოფილიყო მოწოდება, რომ ვაქცინაციამ შეიძლება დაიცვას თქვენ მოყვასი, ესეც დიდი საქმე იქნებოდა... ჩემთვის მთავარი მომენტი ის არის, რომ ბევრი რელიგიური მოსაზრებით, ბევრი ანტივაქსერი ჩამოვიშორეთ", - აღნიშნა ზოიძემ. 

ცნობისთვის, ჯანდაცვის ექსპერტების აზრით, კორონავირუსის საწინააღმდეგოდ მოსახლეობის ვაქცინაცია პანდემიის დამარცხების ყველაზე სწრაფი და ეფექტური გზა იქნება, ისევე როგორც ეკონომიკური საქმიანობის აღდგენისა და საკარანტინო შეზღუდვების მოხსნის მთავარი წინაპირობა.

რაც შეეხება სასულიერო პირებს, დღეს მეუფე ანტონმა განაცხადა, რომ საპატრიარქოს სურს ადამიანებს მოუხსნას შეხედულება, თითქოს ვაქცინაცია ჩიპიზაციაა. მრევლის თავისუფალ არჩევანზე ილაპარაკა მიტროპოლიტმა მიქაელმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ვაქცინაციაზე ჯერ ექიმები უნდა ჩამოყალიბდნენ. 


close დახურვა