ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და გამოძალვის საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მოქალაქეს გარკვეული ოდენობის თანხას სისტემატურად სძალავდნენ. პოლიციამ ავტომანქანიდან, რომლითაც ერთ-ერთი ბრალდებული გადაადგილდებოდა, ნივთმტკიცების სახით 3500 აშშ დოლარი ამოიღო, მეორე ბრალდებულის სახლიდან კი ამოღებულია საბრძოლო მასალა და სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი.
დაკავებულების უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ და დუმილის უფლებას იყენებენ.