logo
ENG



ზუგდიდში გახარიას პარტიის წევრსა და მის არასრულწლოვან შვილს სასაფლაოზე სცემეს

31 დეკ 202114:32
3 წუთის საკითხავი
 

ზუგდიდის საკრებულოს წევრი გახარიას პარტიიდან, მალხაზ თორია ამბობს, რომ მასსა და თავის შვილს უცნობი პირები სასაფლაოზე თავს დაესხნენ. თავდასხმა 30 დეკემბერს საღამოს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში მოხდა, როდესაც თორია შვილთან ერთად გარდაცვლილი მამის საფლავზე მიდიოდა.

წარსულში მალხაზ თორია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი იყო, გიორგი გახარიას პრემიერმინისტრობიდან გადადგომის შემდეგ კი მის პარტიას შეუერთდა.

თორიას თქმით, სასაფლაოს ტერიტორიაზე მათ მიუახლოვდა ორი მანქანა, საიდანაც გადმოვიდა რამდენიმე პირი, რომლებიც თავდაპირველად გზის ჩვენება ითხოვეს.

"ამ მომენტში მეორე პიროვნებამ, რომელიც შემოვიდა სასაფლაოს ეზოში, დამიმიზნა ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტის ტიპის, რის შემდეგაც ხმამაღალი დაიწყო ყვირილი, დაწექით, დაწექით. ამ დროს მოხდა ჩემსა და ჩემს მცირეწლოვან შვილზე ფიზიკური ძალადობა. მე იმთავითვე, როგორც კი ფიზიკური ძალადობა დაიწყო, ვეუბნებოდი, რომ ვიღაცაში ვეშლებოდი, ერთ-ერთმა კი მიპასუხა, რომ არავისში ვეშლებოდი და ზუსტად იმ მისამართზე იყვნენ, რასაც ეძებდნენ. ასევე, გამართული, კუთხური აქცენტის გარეშე მოსაუბრე პიროვნებამ მითხრა, რომ უბრალოდ არასწორ პოზიციაზე ვიდექი, არ ვოკდებოდი და ამიტომ ძალადობდნენ ჩემზე და შვილზე", - ამბობს თორია ფორმულას ეთერში.

მისივე თქმით, ადგილზე მისული იყო პოლიცია და სასწრაფო, მისი შვილი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც თორია ამბობს, გამოძიება უკვე დაწყებულია და ღამის საათებში ის უკვე გამოკითხეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით დაიწყო, 236-ე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება, 151-ე მუქარა და 187-ე სხვისი ნივთის დაზიანება.


close დახურვა