logo
ENG



ზუგდიდში მომხდარ ფაქტზე მიხეილ სააკაშვილი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს

26 მარ 202020:49
3 წუთის საკითხავი
 

ზუგდიდში დღეს პირბადეების, ხელთათმანებისა და სადეზინფექციო საშუალებების დარიგება ურთიერთბრალდებებისა და პოლიტიკური დაპირისპირების საფუძველი გახდა. საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამართულ ღონისძიებას ხალხმრავლობა მოჰყვა, ადგილზე ათობით მოქალაქე მივიდა და შედეგად საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული რეკომენდაცია დისტანციის დაცვის შესახებ, დაირღვა. 

ამის გამო კი მთავრობამ ოპოზიციური პარტია და მისი ლიდერი უპასუხისმგებლობაში და პოლიტიკური ქულების ჩაწერაში დაადანაშაულა.

ბრალდებებს გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ პრევენციისთვის საჭირო ატრიბუტების გაცემა საპრეზიდენტო ბიბლიოთეკიდან რამდენიმე დღეა წესების მკაცრი დაცვით მიმდინარეობს, ზუგდიდში მომხდარი კი სამართალდამცველების არასათანადო რეაგირებამ გამოიწვია. მისივე განცხადებით რამდენიმე დღის წინ მან საჯარო მიმართვაში შესთავაზა სამედიცინო აღჭურვილობა თვითონ დაერიგებინათ, თუმცა უარი მიიღეს.   

“ნაციონალურ მოძრაობაში“  დღეს ის მიზეზებიც განმარტეს, რამაც მათი ინფორმაციით, პრობლემა შექმნა. ზუგდიდში დახმარების მისაღებად იმაზე მეტი ხალხი მივიდა, ვიდრე ამას ელოდნენ. ოპოზიციური პარტია საპატრულო პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებს. 

ზუგდიდის მსგავსად, სამედიცინო სამედიცინო აღჭურვილობა დღეს რუსთავშიც დარიგდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ანტისეპტიკური ხსნარები, პირბადეები, ხელთათმანები რუსთავში დეფიციტს წარმოადგენდა. 


close დახურვა