logo
ENG



ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობა აქციას მართავს

06 დეკ 202111:22
3 წუთის საკითხავი
 

ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობა საპროტესტო აქციას მართავს. ისინი საკრებულოებში შექმნილ კრიზისს აპროტესტებენ. საკრებულო თავმჯდომარეს ამ დრომდე ვერ ირჩევს.

როგორც პარტიის წევრმა და პარლამენტის დეპუტატმა ანი წითლიძემ ფორმულას უთხრა, შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებელი ქართული ოცნებაა, რომელმაც საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან ერთად სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა და მათ ერთი მანდატი მოპარა.

"ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ გავაპროტესტებთ ქართული ოცნების ქმედებებს ზუგდიდში. დღეს რომ ზუგდიდში პოლიტიკური კრიზისია, ვერ ირჩევა საკრებულოს თამვჯდომარე, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ სრულყოფილად თავის უფლებამოსილებას ვერ ახორციელებს ზუგდიდის მერი, რაც აისახება თითოეული ზუგდიდელის ყოველდღიურ ცხოვრებაზე უარესობისკენ, ეს არის ქართული ოცნების დამსახურება.

ქართულმა ოცნებამ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან მირანდა მესხთან ერთად ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, როდესაც ჩვენ წაგვართვა ერთი მანდატი და ამით დაგვაკარგვინა სრული უმრავლესობა, რომელიც აუცილებელი იყო საკრებულოს თავმჯდომარის არჩევისთვის", - თქვა წითლიძემ.

ზუგდიდის საკრებულოში ნაციონალურ მოძრაობას 22 დეპუტატი ჰყავს, ქართულ ოცნებას  - 20, გიორგი გახარიას პარტიას 3. 

წინა კვირაში გამართული სხდომა პროტესტის ნიშნად ნაციონალური მოძრაობის წევრებმა დატოვეს, შემდეგ - გახარიას პარტიის.


close დახურვა