logo
ENG



ზუგდიდში საოლქო საარჩევნო კომისიასთან ოპოზიციის წარმომადგენლები აქციას მართავენ

07 ნოე 202020:31
3 წუთის საკითხავი
 

ზუგდიდში საოლქო საარჩევნო კომისიასთან, სადაც არჩევნების ოქმების განხილვა მიმდინარეობს, ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ.

პოლიცია საკრებულოს წევრებს შენობაში შესვლისა და სტიკერის გაკვრის საშუალებას არ აძლევს.

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ანა წითლიძე ამბობს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიამ მათი საჩივრების განხილვაზე უარი თქვა და სწორედ ამის გასაპროტესტებლად იმყოფებიან ისინი საოლქო საარჩევნო კიმისიის შენობასთან:

"დღეს საოლქო საარჩევნო კომისიამ უარი გვითხრა საარჩევნო საჩივრის განხილვაზე, ისე რომ სხდომაც კი არ ჩაატარა. წერილობით მოგვწერა, რომ მას არ აინტერესებს ჩვენი საჩივარი. ჩვენ მოვედით აქ გასაპროტესტებლად და უნდა ნახოთ რა რაოდენობა პოლიცია ჰყავთ მობილიზებული. პოლიცია, რომელიც ჩვენ გვეჯაჯგურება სტიკერის გაკვრაზე. საკრებულოს წევრები ვდგავართ აქ და პოლიციას არ აქვს უფლება არ მიგვიშვას და არ შეგვიშვას ადმინისტრაციულ შენობაში, მაგრამ ასრულებენ უკანონო დავალებას",-ანა წითლიძე.

ოპოზიცია ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ შედეგებს აპროტესტებს - მათი შეფასებით, არჩევნები გაყალბდა. ოპოზიციური პარტიები ერთხმად პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ და 8 ნოემბერს "გრანდიოზულ" საპროტესტო აქციასაც აანონსებენ.

როგორც ოპოზიცია, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ დარღვევების მასშტაბი გავლენას მოახდენდა არჩევნების შედეგებზე. 

ევროპული საქართველოს მონაცემებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს იმ უბნების რიცხვი, სადაც ოქმები დაბალანსებული არ იყო, არის 1175. 2016 წელს ასეთი უბნების რაოდენობა იყო 967, 2012 წელს - 893. 

პარტიის ცნობით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 210 000 ხმა გაკონტროლდა. 2016 წელს - 70 510; 2012 წელს - 70 400; 

ასევე, ევროპული საქართველოს ინფორმაციით, ზედმეტი ბიულეტენები ჩაყარეს 206 უბანზე. 2016 წელს ასეთი უბნების რაოდენობა იყო 49; 2012 წელს - 19; 

ამომრჩევლების რაოდენობა უბნებზე, სადაც ბიულეტენები ჩაყარეს - 2020 წელს 113 709; 2016 წელს - 28 418, 2012 წელს - 12 850; 

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება აი, ფაქტის დათვლით, 3 791-დან 930 უბნის ოქმში (26%) რიცხვები არასწორადაა დაჯამებული. მათივე აღმოჩენით, ამ ოქმებში ხმათა რაოდენობა, ბათილი ბიულეტენების მაჩვენებელი და არჩევნებზე მისულთა საერთო რაოდენობა ერთმანეთს ვერ ემთხვევა.

ამასთან, მათ იპოვეს შესწორების 93 ისეთი ოქმი, რომელიც მთავარ შემაჯამებელ ოქმს მაინც ვერ აბალანსებს. ასევე, 837 ოქმი, რომელშიც რიცხვები არ ჯამდება, შეუსწორებლად არის დატოვებული. 

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები (ISFED), რომელმაც საარჩევნო ხმები პარალელურად დაითვალა, აცხადებს, რომ მათ მიერ მიღებულ შედეგებში სხვაობა 3-4%-ია. ორგანიზაციამ გამოავლინა მნიშვნელოვანი დარღვევები, მათ შორის, დისბალანსი ოქმებს შორის. ISFED 1-ლ ნოემბერს აცხადებდა, რომ ეს დარღვევა უბნების 8%-ში გამოვლინდა, რისი შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%. მათი თქმით, აუცილებელია მოხდეს იმ უბნების შედეგების გადათვლა, რომელთა შემაჯამებელ ოქმებშიც დისბალანსი გამოვლინდა. 

მოგვიანებით, საჩივრების განხილვის ეტაპზე სამართლიანმა არჩევნებმა და TI-მ განაცხადეს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიები მათ საჩივრებს განუხილველად ტოვებენ, ხოლო რასაც იხილავენ - არ აკმაყოფილებენ. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ არჩევნებზე დაკვირვების და მონიტორინგის შედეგად, საოლქო კომისიებში 109 უბანთან მიმართებით წარადგინა საჩივარი. საია-ს განცხადებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა ან განუხილველი დარჩა 79 უბანთან დაკავშირებით. 

თავად ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ ფორმულას ეთერში თქვა, რომ შემაჯამებელ ოქმებში აღმოჩენილ უზუსტობებს, სავსებით შესაძლებელია, გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე. 


close დახურვა