ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში, ქალს, რომელსაც 2 დღის წინ საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღმოაჩნდა. პაციენტი, ამ დროისთვის მკურნალობას ბოქსირებულ პალატაში გადის, ხოლო მისი ბიოლოგიური მასალა გადაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში და დღის ბოლომდე გახდება ცნობილი, დაუდასტურდება თუ არა პაციენტს კორონავირუსი. რაც შეეხება ახალშობილს, მედიკოსის თქმით, ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ინტენსიური მედიცინის განყოფილებაშია მოთავსებული.
"ახალგაზრდა ქალბატონს, საკეისრო კვეთის ოპერაციის შემდგომ, მეორე დღეს, გამოუვლინდა მაღალი ტემპერატურული რეაქცია. რადიოლოგიური კვლევით აღმოჩნდა ორმხრივი პნევმონია, აღბულ იქნა ბიოლოგიური მასალა, ვირუსის იდენტიფიკაციის მიზნით. პაციენტი იმყოფება იზოლირებულ პალატაში. ანალიზის პასუხი დღის ბოლოს გვექნება. ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა არ აღენიშნება და ინტენსიური თერაპიის პალატაშია მოთავსებული", - განმარტა ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკურმა დირექტორმა, სულხან ორჟონიამ.