logo
ENG



ზურაბ ნადირაძე: მოსამართლემ პოლიციის თანამშრომლებს წკეპლა შემოარტყა

22 იან 202017:48
3 წუთის საკითხავი
 

სამოქალაქო აქტივისტის ბექა ბასილაიასა და პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრის ზურაბ ნადირაძის საქმის წარმოების გაგრძელებაზე, მოსამართლე ივანე აღნიაშვილმა უარი თქვა. მიზეზი შსს-ს მიერ წარმოდგენილი არასაკმარისი მტკიცებულებები იყო. 

როგორც ბასიალაია აცხადებს, დღეს მიღებული გადაწყვეტილება სამწუხარო გამონაკლისია.

„დღეს მიღებული გადაწყვეტილება სამწუხარო გამონაკლისია, რადგან იქნებოდა ეს 20 ივნისი, იქნებოდა ეს 18 ნოემბერი, იქნებოდა ეს 30 დეკემბერის დაკავებები, არც ერთ სხვა შემთხვევაში არ არსებობდა არანაირი საფუძველი აქციაზე დაკავებული აქტივისტებისთვის პატიმრობის შეფარდების და რიგ შემთხვევაში ჯარიმების შეფარდების “, - განაცხადა ბასილაიამ.

ნადირაძე კი მიიჩნევს, რომ მოსამართლემ სილა გააწნა პოლიციელებს.

„რა თქმა უნდა, არ ველოდით, ყველანი ვხედავთ რა ხდება, რა გადაწყვეტილებებს ღებულობენ მოსამართლეები. თუმცა, დღეს შეიძლება ითქვას, დღეს წკეპლა შემოარტყა მოსამართლე აღნიაშვილმა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებმაც ვერცერთი მტკიცებულება წარმოადგინეს. აქედან გამომდინარე, მოსამართლემ პირდაპირ სილა გააწნა პოლიციელებს და უთხრა, რომ შემდეგში უნდა იყვნენ მომზადებულები, წინააღმდეგ შემთხვევაში ის აღარ შეასრულებს დავალებებს და ეს არის ძალიან კარგი“, - აცხადებს ნადირაძე.

გარდა ნადირაძისა და ბასილაიასი, მოსამართლე აღნიაშვილმა არასაკმარისი მტკიცებულებების გამო აქტივისტების ზური მჟავანაძეს მისცა სიტყვიერი შენიშვნა, ბექა კოკაიას საქმის წარმოება შეწყვიტა, ასევე შეწყვიტა გიორგი მუმლაძის, ზუკა ბერძენიშვილისა და ლაშა ბურდულის საქმეების წარმოება.

23 იანვარს გაიმართება კიდევ 3 დაკავებულის პროცესი. დაცვის მხარეს მოლოდინი აქვს, რომ მოსამართლე მათი საქმის წარმოებაზეც უარს იტყვის.

შეგახსენებთ, რომ ბასილაიასა და ნადირაძეს 31 დეკემბერს პარლამენტთან გამართული აქციის დროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებოდნენ, კერძოდ ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას. მაშინ აქციის მონაწილეები მალხაზ მაჩალიკაშვილის კარვის აღებას აპროტესტებდნენ. ამავე საქმეზე, კიდევ რამდენიმე პირი იყო დაკავებული, რომელთა შესახებაც გადაწყვეტილება იგივე მოსამართლემ დღეს უნდა მიიღოს. 


close დახურვა