logo
ENG



ზურაბ ჯაფარიძე: სამართალდამცველები ალბათ ყველაფრისთვის ემზადებიან

17 ნოე 201915:11
3 წუთის საკითხავი
 
js1bjwv4i8yab3a.jpg

 

პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი დაუყოვნებლივ აღიკვეთება. მისი განცხადებით, ეს ადამიანები ყველაფრისთვის ემზადებიან, რადგან შსს არის სისტემა, რომელიც უპირობოდ ემორჩილება იმას, ვინც არის ხელისუფლების მმართველი.

მისივე განცხადებით, მთავარია აქციის მონაწილეები ცივილიზებულად და მშვიდობიანად მოიქცნენ, რათა მათ რამე ცუდის გაკეთების საფუძველი არ მისცენ.

„სამართალდამცველები ალბათ ყველაფრისთვის ემზადებიან. ეს არის  სიტემა, რომელიც უპირობოდ ემორჩილება იმას, ვინც არის მმართველი. ეს ადამიანები სისტემის ჩვეულებრივი ადამიანები არიან. მათ შეუძლიათ ბავშვებს თვალები დასთხარონ და მერე ამტკიცონ, რომ სადღაც ინსტრუქციაში წერია, რომ ამ თოფის გამოყენება შეიძლება 20 მეტრიდან ასე და ისე, რაღაც ბოდვები. ნებისმიერი რამის მოლოდინი მაქვს, ამიტომ ჩვენ ვიყოთ აქ ჭკვიანად, მოვიქცეთ ცივილიზებულად და მშვიდობიანად, რათა მათ არ ჰქონდეთ არანაირი საფუძველი იმისი, რომ რამე ცუდი გააკეთონ. ამ აქციის მიზანია ივანიშვილს დავანახოთ, რომ ამ ქვეყანაში არის ძალიან ბევრი გაბრაზებული ადამიანი, რომელსაც ვერ მოექცევა ისე, როგორც შეიძლება მოექცე მონას - მოატყუო და გადააგდო,“ - განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

შს სამინისტრომ განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა. უწყების განცხადების თანახმად, "შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი".

 

 


close დახურვა