logo
ENG



ზურაბ ჯაფარიძე შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელს მოაწერს

19 აპრ 202116:14
3 წუთის საკითხავი
 
ზურაბ ჯაფარიძე შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელს მოაწერს

გირჩი - მეტი თავისუფლებას ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელს მოაწერს.

"ხელს ვაწერ მომლაპარაკებლების მიერ შემოთავაზებულ შეთანხმების ტექსტს.

ხელს ვაწერ სამი რამის გამო:

  1. ახალ დოკუმენტში დევს პოლიტპატიმრების გათავისუფლების კონკრეტული მექანიზმები;

  2. ვითვალისწინებ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების აზრს;

  3. არის შანსი შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციულად და დაბალი ბარიერით, რამაც უნდა დაასრულოს არსებული პოლარიზაცია და ერთპარტიული მმართველობა.

არ მჯერა რომ ამ დოკუმენტით მოხდება კრიზისის განმუხტვა; არ მჯერა რომ ამ დოკუმენტით მართლმსაჯულების სისტემას რამე ეშველება; არ მჯერა რომ ამ დოკუმენტით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საარჩევნო გარემო; არ მჯერა რომ ამ დოკუმენტით მოხდება ძალაუფლების რეალური გადანაწილება ოპოზიციაზე; არ მჯერა რომ ამ დოკუმენტით პოლიტიკური დევნა დასრულდება ამ ქვეყანაში; არც იმის მჯერა, რომ ივანიშვილი და ოცნება ამ დოკუმენტის პუნქტებს ზედმიწევნით შეასრულებენ.

რისიც მჯერა არის ბრძოლა, მუდმივი ბრძოლა. ეს ქვეყანა არ გახდება თურქმენეთი, არასდროს", - წერს ჯაფარიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

მისივე თქმით, აგრძელებს დავას საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის იმ დადგენილების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, რომლითაც მანდატის გაუქმებაზე უარი ეთქვა.

"ჩემი ეს გადაწყვეტილება იმედი მაქვს მხოლოდ სიმბოლური ხასიათის მატარებელი აღმოჩნდება, რადგან 22-23 აპრილს მაქვს პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ვითხოვ საქართველოს პარლამენტის იმ დადგენილების არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლითაც უარი მეთქვა მანდატის გაუქმებაზე.

ვაპირებ ეს დავა ბოლომდე მივიყვანო, მანამდე, პარლამენტში მონაწილეობას მივიღებ მხოლოდ შეთანხმების დოკუმენტით გათვალისწინებული საკითხების განხილვა/გატანაში

და ბოლოს: მადლობა ყველა ჩვენს მეგობარს, ვინც თვეების განმავლობაში ჩართული იყო მოლაპარაკებების პროცესში, განსაკუთრებით აშშ-ს და ევროკავშირის ელჩებს საქართველოში. არ მგონია ბოლომდე გვქონდეს გააზრებული რას ნიშნავს ასეთი მეგობრების ყოლა", - წერს ჯაფარიძე. 

დასავლელმა მედიატორებმა საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას მოლაპარაკების მიღწევის მიზნით ახალი დოკუმენტი 18 აპრილს შესთავაზეს.

მასში, კრისტიან დანიელსონის წინადადებისგან განსხვავებით, ნახსენებია რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი. 

  • ახალ წინადადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 
  • რომ ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით. მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი - 0%-დან 2%-მდე. 
  • და რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია, ქართული ოცნება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.  

რა წერია მედიატორების შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტში, წაიკითხეთ აქ.

 

close დახურვა